პუბლიკაციები
დედაქალაქის მერის არაპოპულარული ღონისძიებები გაცილებით უფრო ძლიერად უღებს ბოლოს სახელისუფლებო პარტიის რეიტინგს, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად! - საქინფორმი

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერის აჩევნებისას საქინფორმი უანგაროდ უწევდა ინფორმაციულ მხარდაჭერას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ცნობილ ფეხბურთელს კახი კალაძეს, მისი წინასაარჩევნო დაპირებებიდან და პროგრამიდან გამომდინარე. მართლაც, დედაქალაქის მერის პირველმა გადაწყვეტილებამ წარმატებით დაასრულა საქინფორმის ბრძოლა კომპანია „სითი-პარკის“ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კანონის უხეში დარღვევით ატერორებდა თბილისელ ავტომფლობელებს!

(როგორც ცნობილია, საეჭვო წარმოშობის კომპანიამ ისრაელიდან, რომელმაც დრაკონული ბეგარა შეაწერა თბილისელებს, ხოლო თვითონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიონიანი ვალი ჰქონდა, რომელიც დღისით-მზისით იპარავდა ავტომობილებს ქალაქის ქუჩებიდან, ტენდერში მხოლოდ თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას წყალობით გაიმარჯვა, რომელიც ლობირებდა მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. ამ უკანასკნელს კი ამ საქმეში ფინანსური ინტერესი ჰქონდა).

დედაქალაქის ახალი მერის კახი კალაძის ბრძანებით, თბილისის მერიის კონტრაქტი „სითი პარკთან“ გაუქმებულ იქნა, მაგრამ მოქალაქეებს მდგომარეობის შემსუბუქება მაინცდამაინც არ უგრძნიათ. თავად განსაჯეთ:

- პარკიგისთვის ყოველწლიური გადასახადი - 50 ლარი - უცვლელი დარჩა, ოღონდ დღეს მას „სითი პარკის“ ნაცვლად მერიის ტრანსპორტის სამსახური იღებს;

- ქალაქს ახალი საპარკინგე ადგილები არ შეჰმატებია, არსებულთაგან ბევრზე კი დგომა საათობრივი გახდა და ბევრად უფრო ძვირი - 2 ლარი, პლუს ამდენივე ყოველი მომდევნო საათისთვის (შედარებისთვის - აქამდე ეგრეთ წოდებული „სტაიანშჩიკი“ 50 თეთრიდან 1 ლარამდე იღებდა და თბილისში პარკინგი არასდროს ყოფილა საათობრივი);

- დიდი სამამულო ომის და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების ინვალიდებს მათთვის გამოყოფილ სადგომ ადგილებზე პარკინგის უფლება ჩამოართვეს (სულ თითო ადგილი და ისიც - ყველა პარკინგზე არა!), გარდა „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“ - ანუ ვისაც ხელი, ფეხი ან ხელ-ფეხი არა აქვს, თუმცა საქართველოში ასეთი ინვალიდები საკუთარი ავტოტრანსპორტით არ სარგებლობენ „წყეული“ საბჭოთა კავშირის შემდეგ, როცა ამ კატეგორიისათვის მართვის საგანგებო სისტემიან ავტომობილებს უშვებდნენ და ინვალიდებს უფასოდ გადასცემდნენ!

- თბილისის ზოგიერთი ქუჩა კიდევ უფრო დაავიწროვეს ორზოლიანი ველობილიკების მოწყობით, რომლებიც სრულიად ცარიელია - თბილისში ველოსიპედებით არავინ დადის, სამაგიეროდ, ფრანგულმა ფირმამ ამ პროექტისთვის მერიის ბიუჯეტიდან მილიონები მიიღო! რაც მთავარია, ამან ქალაქში არნახული საცობები და მოქალაქეთა უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია!

- ჰაერის „უკიდურესად დაბინძურების“ საბაბით ისევ შემოიღეს სააკაშვილის პირველი ბრძანებით გაუქმებული ტექდათვალიერება, თანაც - ძვირად ღირებული, ევროსტანდარტების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ჰაერიდან აღებულ სინჯებში არც ტყვია აღმოჩნდა და არც სხვა მავნე მინარევები;

- დედაქალაქში აკრძალეს ყველა ტაქსი, თეთრის გარდა, ხოლო სხვა ფერის ავტომობილების მფლობელები მერიისაგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ გადასაღებავად, თუმცა ავტომობილის ხარისხიანად შესაღებად, სულ ცოტა, ორჯერ მეტია საჭირო (ავტოსერვისებში მრავალთვიან რიგებზე უკვე აღარც ვლაპარაკობთ!). გარდა ამისა, გადაღებილი ავტომობილის გაყიდვა შემდგომ შეუძლებელი იქნება, ის მხოლოდ სათადარიგო ნაწილებად თუ გამოდგება (ტაქსისტების უმრავლესობამ ავტომობილები ბანკში პროცენტიანი კრედიტის აღებით შეიძინა, რომელიც ჯერ დაფარულიც არ აქვთ!);

- მიუხედავად დაპირებისა, რომ ქალაქში მრავალსართულიანი შენობების აშენების ახალი ნებართვები აღარ გაიცემოდა, ასეთი ნებართვების გაცემა ისევ დაიწყეს, თანაც - ყველა ელემენტარული ნორმის დარღვევით, რომლებიც ჯერ კიდევ „წყეული“ კომუნისტების დროს იყო დადგენილი;

- მშენებლობებზე გახშირდა უბედური შემთხვევები სასიკვდილო შედეგით უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაუცველობის გამო - ეს დანაშაულია, რომლისთვისაც საბჭოთა საქართველოში ხელმძღვანელებს ციხეში სვამდნენ! ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, რამაც თბილისელების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გამოიწვია ჭავჭავაძის პროსპექტზე, რომელიც კალაძის სახლთან დამთავრდა;

- რამდენჯერმე გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა უმნიშვნელო დარღვევისთვის და აკრძალულ ადგილებზე პარკინგისთვის, მაგალითად, ავტობუსებისთვის მოწყობილ უსარგებლო მოკლე ზოლებზე შესვლა (რომლებიც, ჩვეულებრივ, თავისუფლია, როცა გვერდით - მრავალსაათიანი საცობებია!) 200-ლარიანი ჯარიმით ისჯება;

- მიმდინარე კვირიდან საქართველოში აკრძალეს პოლიეთილენის პაკეტების წარმოება, გაყიდვა და გამოყენება, რაც მტკივნეულად დაარტყამს მოქალაქეთა ბიუჯეტს, ვინაიდან მათ აიძულებენ, შეიძინონ უხარისხო ჩინური პაკეტები მავნე მინარევებით (როგორც პლასტმასის სათამაშოები!). ან ძვირად ღირებული ადგილობრივი ქაღალდის პაკეტები, რასაც საქართველოს ტყეების გაჩეხვა მოჰყვება, ეს კი გაცილებით უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს ეკოლოგიას, ვიდრე ტურისტების მიერ გადაყრილი რამდენიმე პოლიეთილენის პაკეტი, რომლებიც ღორმა ან ძროხამ შეჭამა (დიახ, ტურისტების მიერ, იმიტომ, რომ ადგილობრივები ამას უკვე დიდი ხანია აღარ სჩადიან - ეს ისჯება ჯარიმით 100 ლარიდან ზევით, რასაც თვალყურს ადევნებს მერიის სპეციალური ინსპექცია).

საქინფორმს აინტერესებს: რატომ იწვევს მერი კალაძე, რომელიც ამავე დროს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, მოსახლეობის - ამომრჩევლის სიძულვილს სახელისუფლებო პარტიის მიმართ, თანაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? ცნობილია თუ არა მისთვის ციფრები - რამდენად შემცირდა „ქართული ოცნების“ ელექტორატი მისი არაპოპულარული გადაწყვეტილებების გამო, რომელთა საფასურს, ამასთან, გადასახადის გადამხდელები იხდიან?! განა თავისი დანიშნული ხალხის ამგვარი შეცდომების გამო არ არის ბიძინა ივანიშვილი იძულებული, დღეს მარტოდმარტომ იაროს კარდაკარ და გაბრაზებულ ხალხს ელაპარაკოს?!

P.S. თბილისის მერია არ რეაგირებს პუბლიკაციებზე პრესაში, დედაქალაქის მერისადმი ღია წერილებზე და მერიაში კახი კალაძის სახელზე შეტანილ, ოფიციალურად დარეგისტრირებულ წერილებსაც კი არ პასუხობს...

საქინფორმის რედაქცია