უცხოეთი
ნატო-ში აშშ-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი - ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის თანამშრომლობასთან დაკავშირებული პაკეტის მიღებას აპირებს

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის, ქეი ბეილი ჰატჩისონის განცხადებით, ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის თანამშრომლობასთან დაკავშირებული პაკეტის მიღებას აპირებს.
ჰატჩისონის ინფორმაცით, ეს ზომები ქერჩის სრუტეში არსებული მდგომარეობის გამო გატარდება.

მისივე თქმით, რუსეთი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

„შავ ზღვაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ნატო საჰაერო დაზვერვის მასშტაბის გაზრდას გეგმავს ასევე შავ ზღვაში უფრო მეტი ხომალდის გაგზავნას. ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო დაზვერვას, ასევე შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების რაოდენობის გაზრდას, რათა გარანტირებული იყოს ქერჩის სრუტეში უკრაინული ხომალდების გადაადგილება“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს წყლები თავისუფალი გადაადგილებისთვის უსაფრთხოა.

„მნიშვნელოვანია, რომ რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველოს ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტიები შავ ზღვასა და ხმელეთზე“, – განაცხადა ქეი ბეილი ჰატჩისონმა.

1tv.ge