სამართალი
ევროსაბჭოს კვლევა: საქართველოში პატიმრების რაოდენობა 43,3%-ით შემცირდა, თუმცა მოსახლებისა და პატიმრების თანაფარდობით ის მეორე ადგილზეა

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველო ევროპაში მოსახლებისა და პატიმრების თანაფარდობით მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ნათქვამია ლოზანის უნივერსიტეტის ანგარიშში, რომელიც ევროსაბჭოსთვის მომზადდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2017 წლიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 252 პატიმარი იყო აღრიცხული. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ სტანდარტთან შედარებით მაღალია.

კვლევის თანახმად, საქართველოს მხოლოდ რუსეთი უსწრებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418 მსჯავრდებული მოდის. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. ხუთეულში არიან ლიეტუვა და მოლდოვა.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში პატიმრების რაოდენობა 43%-ით შემცირდა. მაგალითისთვის 2008 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოს ციხეებში 445 მსჯავრდებული იმყოფებოდა და 2012 წელამდე მათი რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. 2012 წელს ციხეებში ყოველ 100 000 მოსახლეზე 516 პატიმარი მოდიოდა. 2013 წელს კი ეს რიცხვი უკვე 219 იყო.

ანგარიშის მიხედვით, ყველა სხვა მაჩვენებლით საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ვითარება ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. საქართველოს საშუალო ევროპულ სტანდარტზე უკეთესი მონაცემები აქვს. პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობით, ციხიდან გაქცევით, თვითმკვლელობათა რიცხვით, გათავისუფლებული მსჯავრდებულების რაოდენობით და ციხის გადატვირთულობით.

„სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც მიმართული იყო ციხეებში დატვირთვის თანაბარი განაწილებისა და საქმეების სიღრმისეული განხილვისკენ, 2017 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა. ამ შესწორებამ გამოიწვია ადგილობრივი საბჭოების მუშაობის ეფექტურობის ზრდა. ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის ზრდა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწისკენაა მიმართული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო ერთი მსჯავრდებულზე დღეში საშუალოდ 11,7 ევროს ხარჯავს. ევროპაში ერთ პატიმარზე საშუალოდ დღეში 66,5 ევროა გამოყოფილი. აზერბაიჯანში ერთ პატიმარზე დღეში 6 ევროს ხარჯავენ, სომხეთში 11,4 ევროს, ხოლო რუსეთში 2,5 ევროს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პატიმრების საერთო რაოდენობა 9407-ია. ეს მოიცავს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებსაც. მათ შორის მხოლოდ 272 ქალია.

მსჯავრდებულების 14,8%-ის მიმართ საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. დოკუმენტის მიხედვით ასეთია 1391 პატიმარი.

8016 პატიმრიდან, რომლის მიმართ საბოლოო განაჩენი დადგა, ყველაზე მეტს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი. ასეთი საქართველოს ციხეებში 3 464 მსჯავრდებულია. 20-წლიანი პატიმრობა მისჯილი აქვს 78 პირს, ხოლო უვადოდ ციხეში იმყოფება 73 მსჯავრდებული.

კვლევის თანახმად, 2017 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა 10 პატიმარი. მათგან ორმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.