პუბლიკაციები
რუსოფობია და ანტირუსული ისტერიის ხელოვნური დაძაბვა ფაშიზმის რეანიმაციისკენ პირდაპირ მიმავალი გზაა, აღნიშნეს თბილისში შეკრებილმა ექსპერტებმა

     საქართველოში დიდი გამარჯვების პატივისცემა მომავალშიც გაგრძელდება და 9 მაისის დღესასწაული ღირსეულად აღინიშნება!

საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. „შეუწყნარებლობა ეროვნულ ნიადაგზე აცოცხლებს მახინჯ და დამანგრეველ ფაშიზმს, რომელიც უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დამარცხებულ იქნა ევროპაში“ - ეს იყო საერთო აზრი „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ (თავმჯდომარე ალექსანდრე ბეჟენცევი) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი საზოგადოებრიობის აქტიური წევრები: ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ვიცე-პოლკოვნიკი გივი ვანიშვილი, პოლიტოლოგი და საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი თემურ ფიფია, ისტორიკოსი ვიქტორ ცაავა, „სახალხო-პატრიოტული მოძრაობის“ თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი დავით ფურცხვანიძე, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ინტერნეტვერსიის მიმომხილველი კონსტანტინე ჩიკვილაძე, „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე. შეხვედრის მოდერატორი იყო პოლიტოლოგი, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამაარსებელი გულბაათ რცხილაძე.

შეხვედრაზე განიხილებოდა თემა „ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაციის საფრთხე საქართველოსთვის - ბრძოლის მეთოდები“. შეხვედრის მოდერატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსოფობია და ანტირუსული ისტერიის ხელოვნური დაძაბვა ფაშიზმის რეანიმაციისკენ პირდაპირ მიმავალი გზაა. ფაშიზმის რეციდივების გამოვლენის წინაღობას შეიძლება წარმოადგენდნენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დიდ სამამულო ომზე ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ახალგაზრდობის აღზრდა პატრიოტული სულისკვეთებით, ნაციონალისტური ზედმეტობების გარეშე, ასევე, 9 მაისის გამარჯვების დღის საზეიმოდ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მოზიდვა - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ. პოლიტოლოგმა ასევე გამოყო პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას დამსახურება ამ საქმეში.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თავის მხრივ, გაიხსენა ის ფაქტები, რომლებიც დღევანდელ საქართველოში იჩქმალება ქართულ-რუსული ურთიერთობების ჯანსაღი აღქმისათვის ხელის შეშლის მიზნით. ასე, მაგალითად, არაფერს ამბობენ გამოჩენილი რუსი დიპლომატის, აწ განსვენებული საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი პრიმაკოვის პირად დამსახურებაზე, რომელმაც 1997 წელს პრაქტიკულად მთელი აფხაზური ელიტა ჩამოიყვანა საქართველოს დედაქალაქში. თბილისის შეხვედრა წარმატებული და ძალზე იმედისმომცემი გამოდგა, მაგრამ მან, სამწუხაროდ, თავისი გაგრძელება სხვადასხვა მიზეზის გამო ვეღარ პოვა. მაგრამ პრიმაკოვმა ხომ მოახდინა გარღვევა და ქართულ მხარეს მისცა შანსი, ესარგებლა ამ სამშვიდობო მისიით - ხაზგასმით განაცხადა ლორთქიფანიძემ, რაზეც გ. რცხილაძემ დასძინა, რომ მან თვითონ გამოაქვეყნა „ევრაზიის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე მასალა პრიმაკოვის დამსახურების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ მოახდინა დაწყებული ქართულ-აფხაზური დიალოგის ტორპედირება. მისი სიტყვებით, აფხაზური დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, საქართველოში იმჟამად სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის სახელით აკეთებდა განცხადებებს. ეს განცხადებები კი ხელს არ უწყობდა საქართველოს ხელისუფლების მოტივაციის განმტკიცებას, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები.

დანარჩენი გამომსვლელები სხვადასხვა თემას შეეხნენ, ეს თემები მთავარ თემასთან - ფაშიზმის პრევენციასთან იყო დაკავშირებული. თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ მემარცხენე და მემარჯვენე პატრიოტებს, კომუნისტებსა და მორწმუნეებს არაფერი აქვთ გასაყოფი, ყველანი ისინი საქართველოს პატრიოტები არიან და ერთიანი ძალებით უნდა იბრძოლონ და იმუშაონ თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ. ასევე ერთიანი ძალებით უნდა აღინიშნოს 9 მაისის ზეიმი. ამით არავინ კარგავს საკუთარ სახეს - კომუნისტი არ გახდება ეკლესიის წარმომადგენელი, მორწმუნე ადამიანი კი - კომპარტიის წევრი. 9 მაისი აერთიანებს ყველა ნორმალურ ადამიანს, მათი ეროვნული, რელიგიური და პარტიული კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად. ფიფიას დაეთანხმნენ ლევან ჩაჩუა, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე განხილვის სხვა მონაწილეები.

გულბაათ რცხილაძემ და გივი ვანიშვილმა დააანონსეს 9 მაისის საზეიმო ღონისძიებების გამართვა „უკვდავი პოლკის“ პრინციპით, ქვეყნის ზოგიერთი რეგიონიდან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მონაწილეობით. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ არ არის საჭირო უკვდავი პოლკის იდეის კალკირება და კოპირება, მაგრამ ქართველები სოლიდარობას გამოუცხადებენ მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს. 9 მაისის ზეიმის აქცენტი გაკეთდება საერთო გამარჯვებაში საქართველოს წვლილზე, ადგილობრივი სპეციფიკისა და მენტალობის გათვალისწინებით.

განხილვის მონაწილეები ერთობლივ აზრზე შეჯერდნენ, რომ ისტორიასთან ასეთი ცოცხალი ურთიერთობა საუკეთესო ვარიანტია საზოგადოებაში ფაშისტური განწყობების წარმოშობის გამოსარიცხად. ახალგაზრდა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი წინაპრები გვერდიგვერდ იბრძოდნენ მართალი საქმისათვის, საქართველოსა და მთელი კაცობრიობის განადგურების საწინააღმდეგოდ. ისინი უნდა ამაყობდნენ თავიანთი პაპებით და სამშობლოთი.

ყველაფერთან ერთად, გულბაათ რცხილაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საძმო სასაფლაოსა და დიდი სამამულო ომის მონუმენტის აღდგენის აუცილებლობაზე. „ქართველებს არ ეკადრებათ საფლავების დატოვება მოუვლელ მდგომარეობაში, ხოლო ასეთი საფლავები და მონუმენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, უხვად არის“, - განაცხადა მან. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ „ევრაზიის ინსტიტუტის“ გამოცდილებით, რომელიც მას აქვს მონუმენტებისა და საძმო სასაფლაოების აღდგენაში, ასევე ამ პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაში.

დავით ფურცხვანიძემ საკითხი პრაგმატულად დასვა: „ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ 9 მაისმა დატოვოს კვალი და ფუჭი არ აღმოჩნდეს; ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვემზადოთ საცხრამაისოდ, არამედ იმაზეც, თუ რა იქნება 9 მაისის შემდგომ“.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე წელს თბილისსა და გორში გამარჯვების დღის ზეიმთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.

საორგანიზაციო ჯგუფი