პოლიტიკა
რატომ მიაჩნია სალომე ზურაბიშვილს, რომ ევროკავშირიდან გასვლით დიდი ბრიტანეთი ადგილს საქართველოსთვის ათავისუფლებს - საქინფორმი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის პირველივე დღიდან საქინფორმის რედაქციაში გადაწყვიტეს, რომ მის მიმართ მეტისმეტად მკაცრები არ იქნებიან: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მანდილოსანია, მეორეც ერთი, იმიტომ, რომ საქართველოში ის ყოველთვის სტუმარი იქნება.

თანაც რისთვის ვაკრიტიკოთ? კონსტიტუციით ის თითქმის არაფერს წყვეტს, პატიმართა შეწყალების დისკრეციაზეც კი უარი თქვა, რომ პასუხისმგებელი არაფერზე იყოს! ვეტოს, როგორც მისი წინამორბედი მარგველაშვილი, პარლამენტის კანონპროექტებს არ ადებს და მათ არც კი კითხულობს! ასე მოკრძალებულად ცხოვრობს სალომე, რომელმაც თავისი წინაპრების სამშობლო პირველად მხოლოდ 35 წლის ასაკში იხილა, თავადი დადიანების ძველებურ სასახლეში, და არა „კალიგულა“ სააკაშვილის „დვარეცში“!

საქართველოში უმრავლესობისთვის ცხოვრება - გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლაა, ამიტომ ქალბატონმა სალომემ - კეთილმა ადამიანმა! - გადაწყვიტა, თავისი პრეზიდენტობის მთელი 6 წლის განმავლობაში გულიანად ამხიარულოს ხალხი, რათა არსებობა როგორმე გაუადვილოს, რაკი სხვა არაფრის გაკეთება მაინც არ შეუძლია! აი, მისი ყველაზე ახალი სახალისო განცხადება, რომელიც „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გასულ ხუთშაბათს გააკეთა.

ბრექსიტიო, განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოსთვის არის შანსი... ევროკავშირში გაწევრიანდესო! „საქართველო ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს წასვლით შექმნილ შესაძლებლობას უნდა ჩაეჭიდოს და წინ წასწიოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმე! ჩვენ ამ ვითარებას განვიხილავთ შემართებით, რათა მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ის, რაც შეიძლება მოხდეს ბრექსიტთან დაკავშირებით, რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერსყველასთვის ღია, განსხვავებული სიჩქარის ევროპას“: „ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიიწევს წინ და სურს ევროპასთან, არ უნდა მოექცნენ იმაზე ნაკლებად, ვიდრე ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიდის ევროპისგან“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ამით ის რბილად მიანიშნებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, მისი ფრანგული ბექგრაუნდის გათვალისწინებით, საქართველოს ევროკავშირში გამონაკლისის სახით მიიღებს, იმიტომ რომ „უმადური“ დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ იქ ადგილი გათავისუფლდა, და იმიტომ, რომ საქართველო ყველა პარამეტრით რიგში პირველია...

საყვარელი რეპატრიანტის თქმით, ევროკავშირის ლიდერების კონფერენცია, რომელიც ზაფხულში ბათუმში გაიმართება, „მშვენიერი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, თავისი ხედვები წარმოადგინოს, თუ საით მიდის“...

საქინფორმი თავისი სარედაქციო პოლიტიკის ერთგული რჩება - მკაცრად არ განსაჯოს ზურაბიშვილი (იხ. დასაწყისში), ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევისთვის სრულიად შესაფერისი „no comments“-ით შემოიფარგლება...

საქინფორმის რედაქცია