აქტუალური
საქართველოს პრემიერმა ნატოსა და ვაშინგტონისგან გზავნილები მოისმინა თუ ის, უბრალოდ, შორს გააგზავნეს? - საქინფორმი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ ნატო საქართველოს გამო თავისი წესდების გადახედვას აპირებს, უფრო ზუსტად - ცნობილი მე-5 მუხლის, რომელიც ახალ წევრებად ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების მიღებს კრძალავს! არ გჯერათ? თვითონ განსაჯეთ:

ის, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად არის შესაძლებელი, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში საქართველო ნატოს წევრი გახდეს.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის ეფუძნება ღირებულებებს. ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სუვერენული არჩევანი შეუზღუდოს რომელიმე ერს, თავისუფალ ქვეყანას და ამ შემთხვევაში საქართველოს. ის ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%- ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი. ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ გზავნილები ნატოს გენერალური მდივნისგან და ასევე, მოვისმინეთ ვაშინგტონში, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ისღა დარჩა, გავარკვიოთ: საქართველოს პრემიერმა ნატოსა და ვაშინგტონისგან რაღაც „გზავნილები“ მართლაც მოისმინა თუ ის, უბრალოდ, შორს გააგზავნეს? ანუ გაურკვეველი დროით მოიშორეს თავიდან აბეზარი ბუზივით და კიდევ ერთხელ უამბეს ძველი ზღაპარი საქართველოს და მის წინაშე გაღებული ნატოს „კარის“ შესახებ?!