პოლიტიკა
ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც დაეთანხმება „კვიპროსის მოდელით“ ნატოში გაწევრიანების თუნდაც განხილვას, საქართველოს მოღალატე ხდება! - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში ლაპარაკია საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოში წევრობას სთავაზობს, მას საქართველოს ბედი არ ანაღვლებს.

აბსოლუტურად აღშფოთებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად გააკეთა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბატონმა რასმუსენმა, სადაც შემოგვთავაზა ასეთი სქემა, რომ, როგორც ევროკავშირმა მიიღო გაყოფილი კვიპროსი 2004 წელს თავის რიგებში, ახლა ნატომ იფიქროს იმაზე, რომ გაყოფილი და დანაწევრებული საქართველო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, მიიღოს ნატოს წევრად. ეს არის აღმაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელი პოზიცია. თუ ასეთი ერთგულები არიან ჩვენი, ევროკავშირში მიგვიღონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დაეთანხმება ამ ფორმულირებას - საქართველოს ნატოში კვიპროსის ვარიანტში მიღებას, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება სამშობლოს მოღალატე, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.