პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საკადრო პოლიტიკაში დაშვებული საკუთარი შეცდომების აღიარება იყო - არნო ხიდირბეგიშვილი, „საქინფორმი“

     2019 წლის 9 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ საკადრო პოლიტიკაში დაშვებული საკუთარი შეცდომების აღიარება გახდა. ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ადამიანებში ცდებოდა, ამიტომაც პოლიტიკური მოღვაწეობის 8 წლის მანძილზე უღალატა თითქმის ყველამ, ვინც თანამდებობაზე დანიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. მისი დღევანდელი გარემოცვის შემხედვარეც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდით, რომ ის ახლა უკეთ ერკვევა ქართველებში და ამიერიდან დამსახურების მიხედვით შეუწყობს ხელს პატიოსანი და ნიჭიერი პატრიოტების კარიერულ წინსვლას, რომლებსაც მის შუშის სასახლეში შესაღწევად ნაცნობობა არ ჰყავთ...

     ინტერვიუ რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ გახმაურებულ თემას ეძღვნებოდა. პირველი - ოთხ პარლამენტარს, რომლებმაც უმრავლესობა და, იმავე დროს - მმართველი პარტია დატოვეს. ივანიშვილმა ამას „ღია კარის მტვრევა“ უწოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ წყენის მიზეზი. „მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი თითიდან არის გამოწოვილი, და რატომ გაახსენდათ ეს 3 წლის შემდეგ ახალი კონსტიტუციის მიღებიდან, რომელსაც თვითონ მისცეს ხმა?!“ - აღშფოთებას ვერ იკავებდა ივანიშვილი, რომელმაც სამართლიანად აღნიშნა, რომ წასვლით ისინი სააკაშვილის ოპოზიციის - „ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და ყველა დანარჩენი სატელიტის „წისქვილზე ასხამენ წყალს“.

   საქინფორმმა ჯერ კიდევ 2012 წელს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მომდევნო 7 წლის განმავლობაში ფაქტების მოშველიებით არაერთხელ გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ ბევრი მისი ფავორიტი, კონკრეტულად - პარლამენტარი ეკა ბესელია და მრავალი სხვა, ზიანს აყენებენ მის იმიჯს და მმართველი პარტიის რეიტინგს, რადგან პროფესიული და მორალური თვისებებით ელემენტარულ მოთხოვნებს არ შეესაბამებიან.

     შემდეგ ივანიშვილმა გაიხსენა „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაბარგებული ადვოკატი შავგულიძე, რომელმაც, როგორც გავიგეთ, თავის დროზე საიდუმლოდ შეუწყო ხელი იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში; ექსპერტი ხუხაშვილი და პარლამენტარი სანიკიძე, რომლებიც დღეს სააკაშვილს დითირამბებს უმღერიან; პარლამენტის წინა თავმჯდომარე - თინას ქმარი უსუფაშვილი, რომელმაც, თურმე, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მიზნით სააკაშვილისთვის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა, და აგრეთვე პოეტი მაღრაძე - ივანიშვილის დაბადების დღეზე ვიწრო საოჯახო წრეში ერთადერთი საპატიო სტუმარი. „ჰოდა, როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ დღეს დავიჯეროთ, რომ შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე ოდესღაც მართლაც „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში იყვნენ?!“ - კითხულობს ივანიშვილი, - მაღრაძის განცხადებას რომ გავეცანი, თავიდან თვალებს არ დავუჯერე, გაუგებრობა მეგონა!“.

     საქინფორმმა
პუბლიკაციების სერიები მიუძღვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ რჩეულთა მთელ ჯგუფებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ როგორც თავად ივანიშვილისთვის, ისე ქართული სახელმწიფოსთვის. ესენი იყვნენ ყოველგვარი ჯურის გაუმაძღარი დილეტანტები, რომლებსაც თავისუფალი წვდომა ჰქონდათ შუშის სასახლეში - მრჩევლები ხუხაშვილის, ბიგვავას და მრავალი ვიგინდარა „ექსპერტები“; კართან დაახლოებული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც კეთილმა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს გულუხვად დაურიგა ასობით ათასი დოლარი. სწორედ ივანიშვილმა დანიშნა უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო მისი „ენჯეოელი“ სულელი მეუღლე - თავდაცვის მინისტრად, სწორედ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მათი „რესპუბლიკური პარტია“ მისთვის ეტალონია, თუმცა მაშინვე გამოტყდა, რომ ქართველ ხალხს „რესპუბლიკელები“ სძულს!

     ივანიშვილს არც ბანკირი ხაზარაძე დავიწყებია, რომელიც იტყუებოდა, რომ ანაკლიის პორტს ააშენებდა, რისთვისაც ივანიშვილი გახარებულ გულზე მას 70 მილიონ დოლარს ჩუქნიდა! მისი „უხეში, ველური კაპიტალიზმის დროინდელი რუსეთისთვისაც კი არნახული“ ტრანზაქცია, და არც პრემიერი კვირიკაშვილი (ივანიშვილისთვის ოდესღაც „თავდაბლობის, პროფესიონალიზმის და პატიოსნობის ეტალონი“), რომლის გულისთვის საქართველო UNICEF-ის კვლევაში ლიდერი გახდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბავშვები შიმშილობენ.

     საქინფორმი პირველივე დღეებიდან დეტალური ანალიზის საფუძველზე აკრიტიკებდა პრეზიდენტად მარგველაშვილის, პრემიერად კვირიკაშვილის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა ყველა მინისტრის და ბევრი სხვის დანიშვნას. საქინფორმი ერთადერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალებაა საქართველოში, რომელმაც საქმით დაუჭირა მხარი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 3-წლიან მამხილებელ ჟურნალისტურ გამოძიებას კვირიკაშვილის თანამონაწილის - ბანკირ ხაზარაძის წინააღმდეგ.

   რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მის შესახებ მხოლოდ ერთმა წინადადებამ გაიჟღერა - „საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ“. ჟურნალისტის შეკითხვაზე 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავთან დაკავშირებით - იყვნენ თუ არა მაშინ გარეშე ძალები დაინტერესებული სახელმწიფოს საშინაო პროცესებში ჩარევით? - ივანიშვილმა მართებულად უპასუხა, რომ „არანაკლებად, ვიდრე დრეს“, თუმცა რუსეთი არც ერთხელ არ უხსენებია. ივანიშვილმა, რუსეთის ხსენების გარეშე, მაშინვე დასძინა, რომ „უსამართლო იქნებოდა ყველაფერში გარეშე ძალების დადანაშაულება“, როგორც ეს, ჩვეულებრივ, საქართველოშია მიღებული. „პოლიტიკოსი უნდა ამაყობდეს შედეგებით და არა მოვლენებში მონაწილეობით, ხოლო მომდევნო მოვლენებს სავალალო შედეგები მოჰყვა... ეკონომიკა სრულიად განადგურდა... ამბიციები სასარგებლოა რაციონალიზმთან ერთად, რაც ჩვენ, ემოციურ ქართველებს, ჯერჯერობით არ გამოგვდის...“, - განაცხადა, კერძოთ, ბიძინა ივანიშვილმა და ეს, ჩვენი აზრით, ინტერვიუს მთავარი გზავნილი გახლდათ.

„საქინფორმის“
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 11 აპრილი
საქართველო, თბილისი