აქტუალური
საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით წელს 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის შესწავლა იგეგმება

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეობით სტამბულში საკოორდინაციო მექანიზმის მე-13 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენა.

კომიტეტის ინფორმაციით, მექანიზმის ქართველი და აფხაზი მონაწილეები სტამბულში ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ. მათ 2018 წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ მიმდინარე პროცესები განიხილეს, კონკრეტულად, ადგილობრივი კადრების შესაძლებლობების განვითარების საკითხი, რაც გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების უფრო ეფექტიან გადაჭრასა და მათი ოჯახების საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე 2019 წლის გეგმებზეც იმსჯელეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მექანიზმის შექმნის შემდეგ (2010 წელი) მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ნეშტების მოძიების მიმართულებით – სულ მოძიებულია 431 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან ჯერჯერობით ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა 163.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2200-ზე მეტი ადამიანი ჯერაც გაუჩინარებულია, აუცილებელია მუშაობის დაჩქარება. დასახული გეგმის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წელს 30-ზე მეტ სავარაუდო სამარხს შეისწავლიან და ადრე მოძიებული, მაგრამ დღემდე ამოუცნობი ნეშტების იდენტიფიცირებისთვის ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებენ“, – აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამის კოორდინატორმა ლინა მილნერმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახების საკითხებზე მუშაობს.

კომიტეტი განმარტავს, რომ ორგანიზაცია, თავისი ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მანდატის შესაბამისად, საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებს თავმჯდომარეობს. მექანიზმის მუშაობა კი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ საფუძველს ემყარება და ფუნქციონირებს იმისთვის, რომ ოჯახებმა პასუხი მიიღონ გაუჩინარებული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ.