უცხოეთი
საგარეო უწყება - მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლ „გორდას“ 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები.

„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17- კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.

მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით მიდიოდა და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.

ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე. თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, კომპანიას „მაი ვეი“ (myway), რომლის მეშვეობით ისინი ჩავიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი მომდევნო რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 სთ-ზე.

საქართველოს კონსული გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად. ასევე კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და სთხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ბავშვიდან სამს ახლავს ორივე მშობელი. მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

1tv.ge