აქტუალური
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პორტ კონსტანცასთან ურთიერთობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის დღეს უმაღლეს დონეზეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, ჰქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და, რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევსაქართველოს რკინიგზაშიმუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს პორტებსა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებსა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ რუმინელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადებებისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სურვილია, რუმინეთთან ორმხრივ ურთიერთობას სტრატეგიული ხარისხი ჰქონდეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა და ჩემი ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობ მის ყველა განზომილებაში ახალ დონეზე გადავიყვანოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.