საზოგადოება
კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა მომავალზეა ორიენტირებული - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება.

შეგვიძლია, დაბეჯითებითა და სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ესოდენ მაღალ დონეზე, როგორიც არის დღეს“, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმთავრესი საფუძველი არის დემოკრატიული განვითარება, რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო და დღესაც არის ამერიკის შეერთებული შტატები.

მისი შეფასებით, ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორიენტირებული.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება არა მარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან სტაბილურობითა და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის საქმიანი კავშირები სულ უფრო მყარდება, რასაც განაპირობებს როგორც ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე ორი ქვეყნის პარლამენტების წევრებს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების ახალი ინიციატივებისთვის. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუციები და განცხადებები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ, შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გვაქვს საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ რეგიონული უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და სტრატეგიული ურთიერთობების მომავლის შესახებ მოსაზრებები.

კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მხარდაჭერისთვის, ჩამობრძანებისთვის. მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მომავალში ახალ სიმაღლეებს მიაღწევს“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებს.

საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.