პუბლიკაციები
პანკისის ხეობაში ომი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წყალობით თავიდან იქნა აცილებული

     საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში.

     „დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისთვის და საქართველოს  პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ აი, ამ  უხუცესი ადამიანების სიბრძნის და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების  გათვალისწინებით, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს  სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას მომავალში და ჩვენს ძმობას, ერთიანი განუყოფელი საქართველოს მშენებლობისათვის. რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და, ამავდროულად, რთულიც, მაგრამ  მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც  ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის  სრული შესაბამისობით აგებს პასუხს - ეს ერთი. მეორე - ჩვენ ასევე  შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ  მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდამჭერის კონკრეტულ, ზღვრულ  რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ  მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც  აქტიურად დაიწყება მუშაობა. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს  სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან  საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს  სრულად მართლწესრიგს და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას. ამ  დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  საუბარი და მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ და ძალიან  მნიშვნელოვან შედეგებს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

     გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, სამინისტრო როდესაც ჩათვლის, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც. მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილით ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ. შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა.

     „შსს- ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა  გარკვეული სამუშაოები და უსაფრთხების დაცვის მიზნით ითხოვეს მათი  მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ  35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები რა თქმა უნდა, სამინისტრო იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს  ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებავერავინ ვერასდროს შსს- ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

     მთავრობის ადმინისტრაციამ პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

       „საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

     სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს „ფერიმ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე ჰესის „ხადორი 3“ – ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია – 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე.

     უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა, ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს. კერძოდ, პანკისის ხეობის მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.

     ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.