საზოგადოება
დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში! - ბოკერია

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ევროპული საქართველო პანკისში განვითარებულ პროცესებზე საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, გაუაზრებლობის, არათანმიმდევრულობის, უძალობისა და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე მინისტრები უნდა გამოცხადდნენ და მარტივ კითხვებზე გასცენ პასუხები, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული და პროცესი ასე რატომ დაგეგმეს.

აუცილებელი იყო, ადგილი ასეთ შეტაკებას ჰქონოდა, რომ თავისი პოზიცია გადაეფიქრებინათ? რამხელა უპასუხისმგებლობაა ჯერ ასეთი მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც, ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ყველაზე სახიფათო კომბინაციაუძალობისა და უსამართლობის ამ ძალიან სახიფათო რეგიონშია და ორივეს დემონსტრირება გუშინ ხელისუფლების მიერ მოხდა. რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია, ვაფრთხილებთ, რომ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ხელისუფლება დემონსტრირებას ახდენს, რომ თანმიმდევრობა არ აქვს არც ჰესების საკითხში მაშინ, როცა ჰესების წინააღმდეგ კამპანიაში პიონერები იყვნენ. ეს რეგიონი მიტოვებულია და ხელისუფლება, როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია, ვერ და არ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ რეგიონში განცდა აქვთ, რომ ხელისუფლება თან სუსტია და თან უსამართლო”, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატი პანკისის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქმე აქამდე მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება, მისი უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო. მათმა რეაქციამ ეს გაუაზრებლობა და არათანმიმდევრულობა გამოიწვია. შს მინისტრი ასეთი მძიმე ინციდენტის შემდეგ აცხადებს, რომ მოქალაქეებთან მოლაპარაკება არანაირი პრობლემა არ იყო. ანუ, თვითონ ადასტურებს, რომ არც კანონის უზენაესობა არ არსებობს და მას პრინციპული პოზიციაც არ ჰქონია”, – განაცხადა ბოკერიამ.