უცხოეთი
ესტონეთის პრეზიდენტი - პუტინის პოზიცია საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია, არც მქონდა სხვა მოლოდინი

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინის პოზიცია საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია. ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ესტონურ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა, სადაც კერსტი კალიულაიდმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის არც ელოდა, რომ რუსეთის პოზიცია პუტინთან მისი შეხვედრისას შეიცვლებოდა.

„პუტინმა ზუსტად ის თქვა, რასაც ხშირად ვისმენთ. რა თქმა უნდა, არც მე მქონდა მოლოდინი, რომ მისი პოზიცია შეიცვლებოდა. დამეთანხმებით, უცნაურიც კი იქნებოდა, რომ მე მისი პოზიციის ცვლილების შესახებ მხარეებზე ან თუნდაც ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის მონაწილეებზე ადრე გამეგო“, – განაცხადა კალიულაიდმა.

ჟურნალისტის კითხვებზე პასუხისას ესტონეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა საქართველო და უკრაინა.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი, საქართველოს, უკრაინისა და სხვა საკითხებზე, ესტონეთის პოზიციის პუტინისთვის პირადად გაცნობა იყო.

„ესტონეთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, მიუხედავად იმისა სასიამოვნოა თუ არა ეს, ესაუბრება მეზობლებს. ჩვენი მიზანია, მივამატოთ ესტონეთის ხმა გერმანელი, ფინელი, ავსტრიელი კოლეგების ხმებს, რომლებიც საუბრობენ ევროკავშირის პრინციპებზე, საქართველოზე, უკრაინაზე და სხვა რთულ საკითხებზე. მსურს, რომ ესტონეთი იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოებთან ერთ დონზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ რუსეთზე, როდესაც სხვა სახელმწიფოების მეთაურებს ვხვდებით. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ იგივე მოსაზრებები რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს გავუზიაროთ“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პუტინთან შეხვედრით ხომ არ დაირღვა ევროკავშირისა ან ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ერთიანობა. კალიულაიდმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსა და უკრაინის საკითხს არ წამოწევდა, ეს ერთიანობა დაირღვეოდა.

„რომ არ წამომეწია საქართველოსა და უკრაინის საკითხი, ყველა თემაზე საუბარი ევროკავშირის სანქციების მოხსენიებით რომ არ დამეწყო, მაშინ ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. მაგრამ, ჩემი ხედვა იყო მკაფიო და კრემლშიც იცოდნენ ჩემი პოზიცია. არასდროს წამიღია უკან სიტყვები, რომელიც რუსეთის შესახებ სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან მაქვს ნათქვამი. იგივე გავიმეორე კრემლშიც“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი გასულ კვირას მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს კერსტი კალიულაიდმა საქართველოს და უკრაინის საკითხი წამოწია.

1tv.ge