აქტუალური
აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები და მოქალაქეები.

ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთაგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება. განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მივმართო. ჩვენ არასდროს არცერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ გაგვიხორციელებია არცერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას, ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების დემონსტრირება. ჩემი აზრით, თავშეკავებაეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შესაძლოა შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე. სიღარიბის დამარცხება ეკონომიკის განვითარებაზე გადის.

საქართველოს ჰყავს ორი მტერიოკუპაცია და სიღარიბე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ იგი ევროპულ დონეს. აღმოსავლეთ ევროპაში რამდენჯერმე აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე. ეს ნიშნავს მარტივ ჭეშმარიტებასროდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. არასოდეს არ მოხდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისე, რომ ენერგეტიკის განვითარება ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ხარჯზე ან იმის ხარჯზე, რომ ეკოლოგიას მივაყენოთ ზიანი. ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა მხარეს მოვუწოდო, ვაკეთოთ კომენტარები ემოციების გარეშე და გთხოვთ, ნუ დავეყრდნობით სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეს ნამდვილად არ იქნება სწორი რეაქცია პასუხისმგებლიანი მოქალაქისგან ამ სიტუაციაში“, – განაცხადა პრემიერმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს- თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს- გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები ალაზანი ენერჯი და ფერი გეგმავენ. ამ კომპანიებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.