პოლიტიკა
საგარეო უწყებაში დავით გარეჯთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტურისტების გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციაზე, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო უწყებამ, ისე სასაზღვრო დაცვის შესაბამისმა სამსახურმა, ჩვენს კოლეგებს მივმართეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე, რომ შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება. კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან, ეს პროცესს ნამდვილად არ წაადგება. ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ, როგორც მოცემულ მონაკვეთზე, ისე საყდრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, აზერბაიჯანული მხარე გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება ამ საქმეს“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, რაც შეეხება დელიმიტაციას, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, დანარჩენ ერთ მესამედზე მუშაობა გრძელდება.

იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო, იმის გათვალისწინებით, რადგან კომისიების განახლება უნდა მოხდეს, როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართული მხრიდან და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.