პოლიტიკა
ის, რომ ადამიანები მასობრივად მიდიან და საფრთხის ქვეშ აყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ხელისუფლების ბრალია, რომელიც ქვეყანაში ვერ ქმნის ცხოვრების პირობებს! - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ის, რომ დღეს ადამიანები მასობრივად მიდიან უკანონო მიგრაციაში და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი, რომლებიც აქედან გაჭირვებას მიჰყავს, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბაქრაძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკანონო მიგრაციაში მიჰყავს გაჭირვებას, რაზეც პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მთავრობა ჯიუტად ცდილობს, თვალი არ გაუსწოროს რეალობას. რეალობა არის ის, რომ ადამიანები საქართველოდან მიჰყავს გაჭირვებას, უმუშევრობას, უპერსპექტივობის განცდას. ის, რომ დღეს ადამიანები მასობრივად მიდიან უკანონო მიგრაციაში და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი, რომლებიც აქედან გაჭირვებას მიჰყავს. ეს არის იმ ხელისუფლების ბრალი, რომელიც ქვეყანაში ვერ ქმნის ცხოვრების და დასაქმების ელემენტარულ პირობებს.

ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილება არანაირად არ არის დამატებითი რეგულაციების შემოღება და დამატებითი დასჯა, ვინც გაჭირვების გამო იძულებულია, ოჯახი მიატოვოს და უცხოეთში წავიდეს. რაც უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება საქართველოში, მით უფრო ნაკლები ადამიანი წავა ევროპაში ლუკმაპურის საშოვნელად. გამოსავალი და ყველაფრის ტვირთი არის მთავრობაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.