საზოგადოება
ფერმერები, რომელთა მეურნეობები ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, წელს სახელმწიფოსგან დამატებითი დახმარებით ისარგებლებენ

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივმა მკვიდრმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები გააშენა. ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და მხარის გუბერნატორმა დაათვალიერეს.

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ ის სოფლის მეურნეობის პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის პროექტ "დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში ცვლილებები შევა. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად მინიმალური ფართობი 0,5 ჰექტარი იქნება.

ასევე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%-ს, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50%-ის დახმარებას, ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი ნერგების ღირებულების 80% თანადაფინანსებას, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას მიიღებს.

ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსგან ნაცვლად 40%-იანი გრანტისა, მიიღებს 50-%-ს - არაუმეტეს 600 000 ლარისა.