რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნატოსაკენ მიმავალ გზაზე საქართველო ტერიტორიებს და მოსახლეობას კარგავს (NEWS FRONT)

     კავკასიის პრობლემების გადასაწყვეტად აშშ-ის და ნატოს სამხედრო ძლიერება არ გამოდგება!

ბზობას, 21 აპრილს, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღეს, საქართველოში ბათუმის პორტში ამერიკული სარაკეტო ნაღმოსანი USS Ross შემოვიდა, რათა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირება მოეხდინა, აგრეთვე უზრუნველეყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რომელსაც, ვითომდა, რუსეთი ემუქრება. თუმცა ამერიკულმა ხომალდმა ქართული სახელმწიფო ერთი მუჭა ჩეჩნებისაგანაც კი ვერ დაიცვა - პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის ქისტებისგან, რომლებმაც იმავე დღეს, ბზობას, 21 აპრილს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს!

21 აპრილს ბზობა „მიულოცეს“ მართლმადიდებელ ქართველებს აზერბაიჯანელმა მუსლიმანებმაც, და VI საუკუნის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისაკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მაგრამ ამერიკულმა ხომალდმა ვერც ამ შემთხვევაში ივარგა...

იქნებ აშშ-ის და ნატოს სამხედრო ხომალდებმა საქართველო 2008 წლის აგვისტოშიც დაიცვეს? არა, სანამ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოტვირთავდნენ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა! და დღეს ქისტების უკან რუსები რომ მდგარიყვნენ, როგორც მაშინ - აფხაზებისა და სამხრეთელი ოსების უკან, პანკისის ხეობა უკვე ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან იქნებოდა მიერთებული, როგორც კოდორის ხეობა - აფხაზეთთან.

   (გამორიცხული არ არის, რამზან კადიროვმა ქისტ ვაჰაბიტებს შესთავაზოს, დაივიწყონ ბანდიტური წარსული და ჩეჩნეთის მოსახლეობის მაგალითს მიჰბაძონ - რუსეთის პასპორტები აიღონ. ხოლო თუ პანკისის ხეობა რუსეთის ფედერაციაში გადავა, სამხრეთ ოსეთი მით უმეტეს შეუერთდება ჩრდილოეთ ოსეთს, ხოლო აფხაზეთი - კრასნოდარის მხარეს, და საქართველოს დასავლეთელი მოკავშირეების სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს წინააღმდეგობას არ გაუწევს!)


აშშ და ნატო არ დაეხმარებიან საქართველოს უახლოეს მომავალშიც, როცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ სუსტად კონტროლირებად სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისელების დაუსჯელობით და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების თავნებობით შთაგონებული, კვლავ წამოაყენებს თავის ძველ მოთხოვნებს. ხელისუფლება მათ შესახებ „დელიკატურ“ დუმილს ამჯობინებს სენსიტიურობის საბაბით (სინამდვილეში კი იმიტომ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან პრობლემების მოგვარება არ ძალუძს, ხოლო მათ, ვისაც ეს ხელეწიფება, საქართველოში ხელისუფლებას არ აკარებენ!). როგორც წესი, ეს მთავრდება ეთნიკური არაქართველების დაპირისპირებით ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც ამის შედეგად ტერიტორიებს კარგავს, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა.

ამჯერად მოვლენები, სავარაუდოდ, შემდეგნაირად განვითარდება:

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დაჩქარებული დელიმიტაცია მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას, რადგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამუდამოდ აზერბაიჯანის მხარეს დარჩება (ბაქოში არამცთუ საქართველოსთვის დათმობაზე, არამედ გარეჯის ქედის ფერდობის ნებისმიერ ქართულ ტერიტორიაში გაცვლაზეც კი უარი განაცხადეს, მაქსიმუმი, რაზეც თანახმა არიან, ტურისტებს და მორწმუნეებს გრაფიკი დაუწესონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არსებული წმინდა ადგილის თავისუფლად მოსანახულებლად). ეს ქართველ საზოგადოებაში უკვე აღმოცენებულ ანტიაზერბაიჯანულ განწყობას გააძლიერებს.

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლის აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ, შესაძლოა, ისევ დაუშინოს ქვები პოლიციის სპეცრაზმს, და მასთან ერთად - საარჩევნო უბნებსაც, როგორც ეს უკვე მოხდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბანში. ოღონდ ამჯერად პროვოკაციები, ორგანიზებული სააკაშვილის პარტიის მიერ აზერბაიჯანელ სეპარატისტებთან ერთად, რომლებსაც ქვემო ქართლი ოდინდელ აზერბაიჯანულ ტერიტორიად - „ბორჩალოდ“ მიაჩნიათ, კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ უმცირესობასთან ქართული პოლიციის შეტაკებებში დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მთავრობას დაადანაშაულებს და უმცირესობებს მხარს დაუჭერს. ერთი გამონაკლისით - თუ ამ უმცირესობებს რუსეთი არ უჭერს მხარს, როგორც, მაგალითად, აფხაზებს და ოსებს.

ეს დასავლური ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითია კიდევ იმიტომ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, არ შეიძლება დაუსჯელად პოლიციელებზე თავდასხმა, მათთვის ქვებით და კეტებით ზიანის მიყენება და „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციის სპეცდანიშნულების მანქანების დაწვა!
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, სოფლის ასიოდე მცხოვრებს არ შეუძლია, შეაჩეროს სახელმწიფო ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტის, მაგალითად - ჰესის მშენებლობა!
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, სამშენებლო კომპანია სანაცვლოდ თავს არ უქონავს ადგილობრივ მოსახლეობას მეფური საჩუქრებით და ხელშეკრულებაში არ აფიქსირებს ამას, როგორც პანკისში მინიჰეს „ხადორი-3“-ის შემთხვევაში. უფასო ელექტროენერგია, დასაქმება, ახალი ხიდები, გზები, წყალმომარაგება და სხვა ინფრასტრუქტურა, ახალი სამედიცინო დაწესებულებები და კულტურის ობიექტები, ფინანსური დახმარება - კიდევ რაღა დარჩა საოცნებო?!

განა შეიძლება, ევროპულ დემოკრატიად ჩაითვალოს ქვეყანა, რომელიც „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსით“ მიემართება ნატოსა და ევროკავშირისაკენ, მაშინ, როცა მის ტერიტორიაზე არსებობს ალტერნატიული ხელისუფლების - უხუცესთა საბჭოს ან სახალხო კრების მიერ მართული ერთეულები?!
განა შეიძლება, ევროპულ დემოკრატიად ჩაითვალოს ქვეყანა, სადაც ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის ავტოქტონური ქართველი მოსახლეობის წარმომადგენლები უმკაცრესად, პატიმრობითაც კი აგებენ პასუხს კანონის წინაშე, ხოლო ერთმანეთის ბოლომდე გამტანი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიციაში დაკითხვასაც კი ვერ ბედავენ?!

საქართველოში ვინ არ იცის, რომ პანკისის ხეობაზე, სადაც ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ „გრანტებით“ ცხოვრობენ, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება?! და თუკი პანკისში ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურები ფუნქციონირებენ, რატომ არ იციან იქ დღემდე, რომ მიწა, რომელზეც ცხოვრობენ და რომელშიც სიკვდილის შემდეგ განისვენებენ, მათ კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის?!

ვისი ან რისი იმედი აქვთ პანკისის ხეობის ჩეჩნებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგით ბოევიკებს და საუკეთესო მეთაურებს აწვდიან, როცა საჯაროდ ემუქრებიან საქართველოს ხელისუფლებას? და ნუთუ საქართველოს ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩეჩენ ბოევიკებთან ხელმძღვანელების - შევარდნაძის გილაევთან, სააკაშვილის დოშუევთან და ჩატაევთან - იძულებითი ლაქუცი ყოველთვის სამწუხარო შედეგით მთავრდებოდა?! რატომ მისცეს უფლება ჩეჩენ მაჩალიკაშვილს, დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე კარვების ქალაქი გაეშალა და წელიწადზე მეტი ხნით გადაეკეტა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი? თბილისის მერმა ამ კარვებში ბუნებრივი აირი რატომ შეიყვანა?! განა შემთხვევით უჭერს მხარს ასე ძლიერად სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პანკისელებს, მაჩალიკაშვილი კი ზუგდიდში გაემგზავრა სააკაშვილის მეუღლის მხარდასაჭერად, რომელიც იქაურ მერად იყრის კენჭს?

   „ესე იგი, აზერბაიჯანელებს შეუძლიათ უძველესი ქართული ეკლესიების წართმევა, ჩვენთვის კი საკუთარის დაბრუნება არ შეიძლება?!“
- სამართლიანად აღშფოთდებიან სომხები და გადაჭრით დასვამენ საკითხს სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული ათობით ეკლესიის დაბრუნების შესახებ, რაც გააძლიერებს ქართველ საზოგადოებაში ტრადიციულად არსებულ ანტისომხურ გამწყობას. საპროტესტო მიტინგებმა, შესაძლოა, უფრო ფართო ხასიათი მიიღოს, ვიდრე ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის შეტაკება იყო პოლიციის სპეცრაზმთან 2017 წლის 30 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ყუმურდოში იქ არსებული X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წარმოშობის ირგვლივ ატეხილი კამათის გამო.

ყიზილაჯლო, ყუმურდო, ბირკიანი: ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმისათვის ქვების სროლა საქართველოში ტრადიციად იქცა!

მაგრამ სომეხი სეპარატისტები, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთი ოდინდელ სომხურ მხარედ - „ჯავახკად“ - მიაჩნიათ, თავიანთ პროგნოზებში ბოლომდე მიდიან. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიიდან, სათვისტომო კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შეუძლია, ნატოში გაწევრიანდეს, ოღონდ იმ პირობით, თუ ნებაყოფლობით იტყვის უარს „ჯავახკზე“. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ხომ მის ტერიტორიაზე, შესაძლოა, თურქეთის ჯარი განლაგდეს, რასაც არ მოითმენს სომხური სათვისტომო, რომელიც აუცილებლად აჯანყდება დამოუკიდებლობის მოთხოვნით. „ეს ჩვენში გენეტიკურად არის ჩადებული“, - ხაზი გაუსვა ტოროსიანმა.

რეზიუმე:
ზემოთქმული თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ კავკასიაში პრობლემების გადაწყვეტის საქმეში - როგორც ხალხებს შორის, ისე მეზობელ სახელმწიფოებს შორის - აშშ-ის და ნატოს სამხედრო ძლიერება აბსოლუტურად უსარგებლოა. მეტიც - ნატოსაკენ ჯიუტად მიმავალი საქართველო რისკავს, გზად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კვალდაკვალ, სხვა ტერიტორიებიც დაკარგოს იქ მცხოვრები მოსახლეობითურთ!
ცნობილი არ არის, რა დარჩება საქართველოსაგან იმ დროისათვის, როცა ის ნატოში გაწევრიანებას მიუახლოვდება, და საერთოდ, იარსებებს თუ არა იმ დროისათვის თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მაგრამ საქართველო, რომელსაც გამალებით ტოვებს სამუშაოს მძებნელი მოსახლეობა, გაცილებით უფრო მალე დაიცლება ქართველებისაგან...

საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: NEWS FRONT
2019 წლის 6 მაისი
საქართველო, თბილისი