პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზნით უცხოური სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებებს, განაცხადა სუს-ის უფროსმა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა.

ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სამსახურის მხრიდან ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხორციელდებოდა ოპერატიული ვითარების შესწავლა და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება.

2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის და დაინტერესების სფეროების დადგენისკენ, –განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში. როგორც მან აღნიშნა, ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. „ჰიბრიდული ომისფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომელთა ფარგლებში ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საანგარიშო პერიოდში ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებით. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე“, – განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს მისი უწყების გასული წლის საქმიანობის ანგარიში ნახევრად დახურულ ფორმატში წარუდგინა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურა.