პოლიტიკა
ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც მისი ნაწილი! - საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე საქართველო, ევროპა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ქართული კულტურის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და კულტურის განვითარებაში საქართველოს მთავარი მხარდამჭერი სწორედ ევროპაა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, კულტურა საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალია. ის, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, უამრავ შემოტევას გადაურჩა, ეს სასწაული სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ კულტურასთანაა დაკავშირებული. თუ დღეს უცხოეთში და, პირველ რიგში, ევროპაში საქართველოს ცნობენ, ეს სწორედ ქართული კულტურის დამსახურებაა. კულტურა ჩვენი დიდი ძალა, მონაპოვარი და რესურსია. ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით - ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს კულტურა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენთან შემოვიდა ევროპული კულტურა თავისი კანონმდებლობითა და წესრიგით, რამაც განაპირობა ჩვენი დღევანდელი განვითარება და საქართველოს დემოკრატიულ წარსულში დაბრუნება. ამ მიმართულებით ევროპა საქართველოს მხარდამჭერია, მაგრამ ეს არ არის ცალმხრივი გზა. ჩვენც შევდივართ ევროპის კულტურაში და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სრულყოფილად შევიდეთ იმ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შესაძლოა, ბოლომდე არ ვიყოთ მზად, სხვადასხვა მიმართულებებით, იმისათვის რომ ევროპულ სივრცის სრულყოფილი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ რაც შეეხება კულტურას, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც მისი ნაწილი. ეს ჩვენი ურთიერთობების წინაპირობა და ძირითადი მოთხოვნაა. ეს ჩვენი მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის ყველაზე ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ ჩვენ რაღაც შორეულ პერსპექტივას კი არ ველოდებით, არამედ უკვე დღეს ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი, ხვალ კი ვიქნებით ევროპის სრულყოფილი წევრი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პროექტის „საქართველო, ევროპა“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა - ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე.