პოლიტიკა
ვეცდებით, უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური და პროფესიული, მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი - გიორგი გახარია

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ვეცდებით, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური და იყოს პროფესიული, მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეს იყო მეორე შეხვედრა ექსპერტებთან. ჩვენ, ასე ვთქვათ, თადარიგი დავიჭირეთ და წინასწარ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. რეალურად ჩვენ ვთვლით, რომ სისტემური ანალიზის ნაწილში ექსპერტების დახმარება გვჭირდება. ვეცდებით, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური, პროფესიული, მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი და ეს იყო ამ კომუნიკაციის ყველაზე კარგი ფორმატი. ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ და ვთვლით, რომ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, დაეხმრება პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ღრმა სისტემური ანალიზის მეშვეობით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ადეკვატურად არის შეფასებული ის საფრთხეები, რომლებშიც ქვეყანას უწევს ყოველდღიური ცხოვრება.