უცხოეთი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ 2008 წელს რომ მიეღო, რუსეთი მაინც იმავეს გააკეთებდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ 2008 წელს რომ მიეღო, რუსეთი მაინც იმავეს გააკეთებდა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, დევიდ ჰობსმა, სააგენტო „დელფის“ ლიეტუვურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. დევიდ ჰობსის თქმით, 2008 წელს საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არ იყვნენ.

„არ ვფიქრობ, რომ ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა. ეს იყო კომპრომისი. იმ დროს, არც ერთი ქვეყანა გაწევრიანებისთვის მზად არ იყო – ეს ფაქტია. საქართველოს ახლა აქვს არგუმენტი: ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ მიეღო, ეს ხელს შეუშლიდა რუსეთის ქმედებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. მე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლის იურისტები შესანიშნავად გააცნობიერებდნენ განსხვავებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და სრულფასოვან წევრობას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ანალოგიურად იმოქმედებდა, საქართველოს „საგზაო რუკა“ რომ მიეღო“, – აღნიშნა ჰობსმა.

საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ჰკითხა, აქვს თუ არა რუსეთს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში ნატო-ს გადაწყვეტილებაზე არაფორმალური ვეტოს უფლება. დევიდ ჰობსმა თქვა, რომ მსგავსი კონფლიქტების შექმნით და მათ გადაწყვეტაზე ხელის შეშლით, რუსეთი გარკვეულწილად ვეტოს უფლებას იღებს.

„რუსეთს სტრატეგია სწორედ ასეთია. ნატო-ში გასაწევრიანებლად ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტი საზღვრებთან და ტერიტორიული დავა მეზობლებთან. მსგავსი კონფლიქტების შექმნით და დარეგულირებაზე ხელის შეშლით, გარკვეულწილად იღებთ ვეტოს უფლებას რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

2008 წლამდე, არ შემეძლო წინასწარ გამომეცნო, რომ რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებდა და მოკავშირეებს მსგავსი დილემის წინაშე დააყენებდა. ახლა ბევრი ამბობს: „ჩვენ თქვენ გაფრთხილებდით!“, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. ნატო-ს სამეზობლოში ცხოვრება ძალიან ხელსაყრელია. მე ალიანსს ყოველთვის კეთილსინდისიერ მეზობელს ვადარებ: ღობე წესრიგში აქვს, გაზონებს დროულად ჭრის, რგავს ყვავილებს, იცავს საგზაო მოძრაობის წესებს და საღამოს ათ საათზე იძინებს. თუ შენ მსგავსი მეზობელი გყავს, შეგიძლია მშვიდად იძინო“, – განაცხადა დევიდ ჰობსმა.

1tv.ge