პოლიტიკა
არც დასავლეთი და არც ჩრდილოეთი: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო იზოლაციაში იმყოფება - საქინფორმი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ პესიმისტურად ილაპარაკა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებზეც. „ევროპის მომავალი ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, საქართველოს შემთხვევაში კი უფრო მეტი გაურკვევლობაა... საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში გადის. რუსეთთან მეზობლობა არც ისე უხიფათოა. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შავი ზღვის სხვა მხარესაა. ამ რეგიონში საფრთხის კერები წარმოიშვა. ჩვენ ასევე ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებთან. ჩვენთვის არ არის ნათელი, თუ რა მომავალი ექნებათ მათ. ჩვენთან ახლოს მდებარეობს თურქეთი, რომელიც არ ვიცით, თუ რომელ გზას აირჩევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, განვვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, კავშირები ევროკავშირთან, რაც ასევე გაურკვეველია...“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 19 მაისს ესტონეთში, ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაზე. მაგრამ იქვე დასძინა: თუ წარმოვიდგენთ ისეთ სურათს, რომ შესაძლოა, უცაბედად დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, ასევე, ნატოს სოლიდარობის პერსპექტივა, ჩვენ დავრჩებით მარტო და იზოლირებული, სამომავლო პერსპექტივის გარეშე“.

მაშ, როგორ უნდა გავიგოთ ქალბატონი სალომეს მიერ ნათქვამი?“, - გვეკითხებიან საქინფორმის მკითხველები.

საქინფორმი: „თავიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტის კონსტატაციას ახდენს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანია, ვიდრე თავად ევროკავშირისა და ნატოს მომავალი. ესე იგი, ელემენტარული ლოგიკით, ევროპული პერსპექტივის და ნატოს სოლიდარობის გარეშე, რომლებიც არ გვაქვს („ბუნდოვანია“), საქართველო უკვე იზოლაციაში იმყოფება, იმიტომ რომ სამთავრობო ევროატლანტიკურმა საგარეო პოლიტიკურმა კურსმა დაბლოკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მათ შორის - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. აი, როგორია ზურაბიშვილის გამოსვლის კონტექსტი!

ეს მორიგი შემთხვევა იყო, როდესაც ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა, რომელიც მანამდე არცერთ ქართველ პოლიტიკოსს არ უთქვამს, ამიტომ მისი ეს გამოსვლა ქართულმა მედიასაშუალებებმა საგანგებოდ მიაჩუმათეს. თვალში საცემია კონტრასტი საქართველოს სხვა ხელმძღვანელების გამოსვლებთან, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ბახტაძის უსაფუძვლო ყოყოჩობასთან, ანდა თავდაცვის მინისტრ იზორიასთან, რომელმაც გასულ პარასკევს ვაშინგტონიდან განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას მიესალმება! განა ზურაბიშვილის რეალური შიში პრეზიდენტისთვის უფრო შესაფერისი და ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე სააკაშვილის ბაქიბუქა სპიჩები, რომელთა გამო საქართველომ ტერიტორიის 20%-ზე მეტი დაკარგა?!“