სამართალი
მიხეილ სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს - პარლამენტის თავმჯდომარე

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. „არ ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის წონას ასე ნუ ავწევთ, რომელიც მას, პრინციპში, საერთოდ არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმ ზელენსკის შეხვდეს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

კობახიძის თქმით, მას შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ალბათ, ამაზე პასუხს მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის ასეთი შეხვედრა შედგა, მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდეს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. პარლამენტებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და თუ მჭიდრო თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, თუ ასეთი შეხვედრა მალე შედგება პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია. უკრაინელ მეგობრებთან მეგობრობის მოთხოვნა გვაქვს, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ეს საკითხი ისტორიულ მეგობრობას ჩრდილში ვერ მიაყენებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული. ხელისუფლებებს შორის მეგობრობა გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილს არაფერი შერჩა, მას არაერთგზის გასცა პასუხი ქართველმა ხალხმა. სამართლებრივადაც პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძენს სააკაშვილი რამე როლს უკრაინაში. ერთი ასეთი ჰქონდა და როგორ დამთავრდა, კარგად იცით. თუ მომავალში რამე მცდელობა ექნება, ასეთივეწარმატებითდასრულდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.