პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 11 ივნისს აღინიშნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილე და ამ დღეს აშშ-მა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და მეგობრობის მთავარი პრინციპები.

„2009 წლიდან დღემდე აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. აშშ განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას და მიესალმება მათ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსულ აგრესიასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხრივ ნატოში (NATO) ინტეგრაციის მნიშვნელობაზეა ლაპარაკი. დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი საქართველო უკეთ აღუდგება წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და დაიცავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მზად ვართ, გავაუმჯობესოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ საქართველოს ჰყავდეს ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებს ტერიტორიების დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერას. საქართველოს აქვს თავისუფლება, თვითონ აირჩიოს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორები.

აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ გამეორდა 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს ურთიერობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას, რათა ქვეყანა მოემზადოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის. აშშ და საქართველო ერთგული რჩებიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას უჭერენ მხარს. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა აუცილებელი, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას და წინააღმდეგობა გავუწიოთ მავნე ზემოქმედებას. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შეიქმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი თამაშის წესები და ხელშეწყობილი იყოს დემოკრატიული არჩევნები, განმტკიცდეს მედია პლურალიზმი, კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებში, და გავუზიაროთ საქართველოს საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ლაპარაკია საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, ღია საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც მიჰყვება განვითარების მოწინავე პრაქტიკას და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევას.

ვგეგმავთ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნესპრაქტიკის განვითარებას და მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოოს რეგიონული კავშირები, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი. ასევე, აღებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით, წინ წასწიოს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის მეთაურობით დაწყებული უმაღლესი დონის ვაჭრობისა და ინვესტიციების დიალოგი, სხვადასხვა ვარიანტის განხილვის გზით. ორივე მხარე შეთანხმდა, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა გააღრმაოს და გააფართოოს ეკონომიკური პარტნიორობა.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და აძლიერებს ჩვენს კულტურებს. ვაპირებთ, განვამტკიცოთ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კუთხით კავშირები, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად ვიმოქმედოთ იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე და რომელსაც მოაქვს სარგებელი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში.