საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი, – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კონსორციუმის ინფორმაციით, ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.

კონსორციუმი აცხადებს, რომ მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმიმოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში – 2020 წლის ბოლოს-2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს.

საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივების თხოვნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმართა.