პუბლიკაციები
რუსეთი და საქართველო „არასწორად“ ზეიმობენ თავიანთ დამოუკიდებლობის დღეებს - გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. „რუსეთს და საქართველოს მთავარი სახელმწიფო დღესასწაულის განუსაზღვრელობაც ანათესავებს - სახელდობრ, რას ზეიმობს რუსეთი 12 ივნისს, ეს როგორი „რუსეთის დღეა“? საქართველოში ასევე მიმდინარეობს იმის გაცნობიერება, რომ 1918 წლის 26 მაისს არ იყო მიღწეული რეალური დამოუკიდებლობა, მენშევიკურმა ხელმძღვანელობამ უნდომლად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მაშინვე დაუთმო ის გერმანელებს, შემდეგ კი - ინგლისელებს, წითელი არმიის შემოსვლამდე.

კიდევ უფრო ცუდი ალტერნატივაა დამოუკიდებლობის აღნიშვნა მწუხარებით აღსავსე დღეს - 9 აპრილს, როცა თბილისის ცენტრში მიტინგი დაარბიეს, რისი მსხვერპლიც, ძირითადად, ქალები გახდნენ (21 დაღუპულიდან 19 ქალი გახლდათ), „არაფორმალები“ კი ისე გაიქცნენ, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდათ... თანაც, 9 აპრილი თითქმის ყოველთვის დიდი მარხვის პერიოდს ემთხვევა, როცა ხმაურიანი ზეიმების და აღლუმების ჩატარება უხერხულია, მაისის დამლევისაგან განსხვავებით.

რუსეთშიც არ იციან, რით ჩაანაცვლონ 12 ივნისი, რომელიც თავისთავად ნონსენსია - სსრკ-ის ოფიციალური სამართალმემკვიდრე - რუსეთი ზეიმობს სსრკ-სგან „სუვერენიტეტის გამოცხადებას“. 7 ნოემბრის აღდგენა ხელს ვერ შეუწყობს ერის კონსოლიდაციას, 9 მაისი საბჭოთა კავშირის ხალხების გამარჯვების „რუსიფიცირება“ იქნება და ამ დღესასწაულს ჩამოაშორებს უკვე ისედაც დაშორებულ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს... ამიტომ უფრო შორეული წარსულიდან უნდა გავიხსენოთ რაიმე. მადლობა ღმერთს, ქართველებს და რუსებს ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი თავიანთი სახელოვანი ისტორიიდან“, - წერს თავის Facebook-გვერდზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.