აქტუალური
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.

ლაპარაკია განცხადებაზე, რომელშიც კარასინი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობისთვის, შესაძლოა, საფრთხე იყოს.

როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

აბაშიძის თქმით, რუსეთი ამ პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა ფორმატს იყენებს, თუმცა ეს საქართველოს სუვერენული არჩევანია.

ეს ჩვენ ხშირად გვსმენია. ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, ყველგან აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ნატოს მიმართ და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობის მიმართ ალიანსთან. რუსეთის მხარე ამ საკითხს ყველგან აყენებს, სადაც აქვთ ამის საშუალება. ჩვენ ამ დისკუსიაში არ შევდივართ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ჩვენ შემოვიფარგლებით ასეთი კომენტარით და დისკუსიაში ამ საკითხზე არ შევდივართ”, - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძის თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბარი პრაღაში შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა რუსეთმა ეს საკითხი მაინც დააყენა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.