პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე: „ყაზახეთს ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული დემოკრატიული პროცესები“

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი.

ყაზახეთს ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული დემოკრატიული პროცესები, რომლებსაც ხელს თავად ხელისუფლება და სახელმწიფო უწყობს.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ისტორიული არჩევნების დღეს, 2019 წლის 9 ივნისს, როდესაც გამიმართლა, პირადად გამეშუქებინა ეს მოვლენა რესპუბლიკის დედაქალაქში, თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადამდგარმა პირველმა პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა:

„გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს – გადადგომაზე ფიქრი და მისთვის მზადება დავიწყე სამ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ“. ნაზარბაევის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი მუდმივად ფიქრობდა, აფასებდა და აანალიზებდა ვითარებას, აკვირდებოდა თავისი საქმის ღირსეულ გამგრძელებლებს. მაგრამ, რაც მთავარია, იგი ავითარებდა უკვე არსებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქმნიდა ახლებს. ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დამაგვირგვინებელი აქტი იყო სახელმწიფოს ახალი მეთაურის თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები (მონაწილეობას შვიდი კანდიდატი ღებულობდა), ამ არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

ყოველივე მოხდა გარედან ჩარევის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ყაზახების ძალისხმევით. ბრძენი ნაზარბაევი ხვდებოდა, რომ ქვეყანა მუდმივად ვერ დაეყრდნობა ერთი კაცის ავტორიტეტს; ამიტომ მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – მოემზადებინა ხელისუფლების ცვლილება პოლიტიკური სტაბილობისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების დაკარგვის გარეშე. ყაზახეთის დემოკრატიზაცია შინაგანი პროცესია, იგი წარმოადგენს ე. წ. საზოგადოების სოციალურ დაკვეთას და ადგილი არ აქვს საეჭვო დემოკრატიის იმპორტს, რომელიც არ ესადაგება არა მხოლოდ ყაზახეთს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ რომლის მისაღებად ისინი ხანდახან იძულებულნი არიან…

ყაზახეთმა ღირსეულად ჩაატარა არჩევნები და მას ჰყავს ღირსეული ახალი პრეზიდენტი – უდიდესი გამოცდილების მქონე დიპლომატი და მმართველი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი. ეს ინტელიგენტი, მცოდნე, საქმიანი, თავმდაბალი და მომხიბლავი ადამიანი, რომელმაც ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი ხმა მიიღო, გაურბის ხმამაღალ განცხადებებს და მოუთმენლად ელის სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე ყოველდღიური სამუშაოს დაწყებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ტოკაევმა 10 ივნისს შემდეგი მოუთხრო:

შედეგების გამოცხადების შემდეგ, გასაკვირია, მაგრამ მე არ განვიცდიდი რაიმეგვარ გრძნობებს. არ ვიცი, რატომ, მხოლოდ ყინულივით სიმშვიდე დამეუფლა. სავარაუდოდ, ალბათ მაინც იმის გამო მოხდა ეს, რომ უკვე იმაზე ვფიქრობ, თუ რა გავაკეთო შემდგომ, სამუშაო გრაფიკი ძალზე დატვირთულია. ასეთ ვითარებაში სიცილის და სიხარულის დრო არ მრჩება. თვით სიტყვა გამარჯვება უფრო სამხედრო კონფლიქტების სფეროს განეკუთვნება, ვიდრე არჩევნებს, დღის წესრიგში იდგა ამომრჩევლების ჩემდამი დამოკიდებულების გარკვევა. 14 ივნისს მე უნდა გავემგზავრო ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი დუშანბეში მიწევს წასვლა, სადაც აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ზომების და კონფერენციის სამიტი იმართება“.

ტოკაევი არ ღებულობს ტერმინსხელისუფლების ტრანზიტი“, რომელიც დამკვირდა პოლიტოლოგიურ და ჟურნალისტურ წრეებში. ყაზახეთში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და ტოკაევს არ შეუძლია, ვინმეს აუკრძალოს ამ ტერმინის გამოყენება. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ . . „ხელისუფლების ტრანზიტიმხოლოდ საწყის მდგომარეობაშია და ყაზახეთს ჯერ კიდევ წინ ელის სახელმწიფოებრივ-სტრუქტურული ცვლილებები. ამაზე ღიად მსჯელობენ ქვეყნის სატელევიზიო არხებით გადმოცემულ ტოკ-შოუებში, რომლებსაც მე მოვუსმინე. უნდა აღვნიშნო ყაზახეთის პოლიტოლოგიური საზოგადოების მაღალი დონე, აქ უფროსი თაობის ბევრი გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტი; საგანმანათლებლო პროგრამამ და მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიერ ცოდნის მიღების სახელმწიფოებრივმა მხარდაჭერამ თავისი შედეგები მოიტანა. ჩვენი ტოკშოუებისგან განსხვავებით, ყაზახეთში ადგილი არ აქვს ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ პიროვნულ თავდასხმებს, არ არის ზედმეტი ემოციები და, მით უმეტეს, შეურაცხყოფები. არის პოლიტიკური ვითარების კრიტიკული განხილვა და ოპტიმალური შესაძლო გადაწყვეტილებების ძიება.

ასეთ მდგომარეობას თავისი გვერდითი მოვლენებიც ახლავს. როგორც ტელეარხ „ხაბარის“ ტოკშოუს ერთ-ერთმა მონაწილემ არჩევნების დასრულების საღამოს აღნიშნა, ადგილი აქვს საზოგადოების ერთგვარ გადაღლას ყაზახურ პოლიტიკაში შოუს ელემენტების და მძაფრი შეგრძნების არარსებობის გამო – განსხვავებით ისეთი ქვეყნებისაგან, როგორც, მაგალითად, უკრაინაა, სადაც შოუმენად თავად პრეზიდენტი გვევლინება. როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილისათვის შოუ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განვითარება, ამიტომ ქალაქების – ნურ-სულთანისა და ალმატის ქუჩებზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა პროტესტის ნიშნად. თუმცა რას აპროტესტებდნენ ისინი, გაუგებარი დარჩა. არჩევნები შედგა და ეს არის ლეგიტიმური არჩევნები, ამიტომ მათ არ შეეძლოთ, გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები, ვინაიდან არანაირი არსებითი ხასიათის დარღვევები არ იქნა გამოვლენილი. გამოდის, რომ „პროტესტანტებს“ მხოლოდ ყაზახეთის იმიჯის გაფუჭება და შემდგომი ესკალაციისთვის პირობების შექმნა სურდათ. ქვეყნის გარეთ არიან გავლენიანი ძალები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ სტაბილური და სუვერენული ყაზახეთი, სწორედ ამ ძალების მხრიდან „დაუბერა ქარმა“. ქაოტები, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ, ქუჩებში შეთანხმებულად, ორგანიზებულად გამოვიდნენ, მათ აშკარად ერთი ცენტრიდან აძლევდნენ მითითებებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღეს, რათა არ დაეშვათ არეულობა არჩევნების დღეს, როდესაც ხალხი საარჩევნო უბნებზე გადიოდა და უკან ბრუნდებოდა. მაგრამ პროვოკატორებმა მიიღეს ვიდეოკადრები – პოლიციელები აკავებენ სამოქალაქო პირებს. სწორედ ამის ტირაჟირება მოახდინა დასავლურმა მასმედიამ, რომელიც არანაირ არჩევნებს არ სცნობს, თუკი ის დასავლეთის ქვეყნებში დაწერილი გარკვეული სცენარის მიხედვით არ მიმდინარეობს… სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს მოხსენებაში დაუსაბუთებლად არის აღნიშნული დარღვევები, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ხელს ვერ შეუშლის ახალი პრეზიდენტის წარმატებულ სტარტს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყაზახეთში არავინ კრძალავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, თუკი ეს ხდება კანონის ფარგლებში, სხვა მოქალაქეებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე. რაც შეეხება ეუთოს კრიტიკას, პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გარდა არსებობენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, არანაკლებ ავტორიტეტულნი, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს და მაღალი შეფასება მისცეს მას. მართლაც, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა ვლადიმირ ნოროვმა და მაჰმუდ ალ რაისიმ მაღალი შეფასება მისცეს არჩევნებს. სავსებით დადებითად დაახასიათეს ეს არჩევნები გერმანელმა დამკვირვებლებმა, საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა და დიპლომატებმა ვ.-რ. ბორნმა, ჰ. ცერტიკმა და კ. გროსემ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, პარლამენტარებმა რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს დამკვირვებლებმა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენს პარლამენტარებს – კ. ოქრიაშვილს, რ. ნიკოლაიშვილსა და ს. ნოზაძეს, რომლებმაც 9 ივნისის ბრიფინგზე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნები მიმდინარეობს ძალზე მაღალი სტანდარტების შესაბამისად და არანაირ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

დაბოლოს, მსურს, მკითხველებს გავუზიარო შთაბეჭდილებები ერთ საინტერესო ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ, 10 ივნისს სასტუმრო „ბესტ ვესტერნის“ საკონფერენციო დარბაზში შედგა. მე გახლდით საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მონაწილე, სახელწოდებით „ხელისუფლების ტრანზიტი – ახალი ყაზახეთი: ელიტების კონსოლიდაცია“. ამ ღონისძიების ინიციატორის როლში გამოვიდა გეოპოლიტიკური პროგნოზირების საერთაშორისო ცენტრი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ და მისი დამფუძნებელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი კარგილაშ ნუგმანოვა. მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ ცნობილი ყაზახი და უცხოელი პოლიტიკის სპეციალისტები. არჩევნების შემდგომი ყაზახეთის შიდაპოლიტიკური რეალიები განხილულ იქნა რეგიონულ და გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ამერიკული ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორმა რიჩარდ ვაიცმა ყაზახეთის პოლიტიკის მრავალვექტორობაზე გაამახვილა ყურადღება. მრავალვექტორობა გულისხმობს კარგი ურთიერთობების ერთდროულად ქონას პოლიტიკის ზერეგიონულ (გლობალურ) მოთამაშეებთან (მაგ., აშშ, რუსეთი, ჩინეთი). ეს პოლიტიკა განსხვავდება ლავირების პოლიტიკისაგან, როდესაც ქვეყანა მიეკედლება ხან ერთ, ხან სხვა გლობალურ მოთამაშეს, გარემოებების-და მიხედვით (ასეთ მაგალითად ვაიცმა უზბეკეთი მოიტანა). ჯამში, ამერიკელმა სპეციალისტმა დაასკვნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლიათ, დაეხმარონ ყაზახეთს, დამკვიდრდეს რუსეთსა და ჩინეთს შორის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ტოკაევმა პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ რუსეთი დაასახელა სტრატეგიულ პარტნიორად.

ყაზახეთის სტრატეგიის შეფასებას საგარეო-პოლიტიკურ არენაზე, როგორცმრავალვექტორულისას“, არ დაეთანხმა სპეციალისტი თურქეთიდან, ევრაზიის უნივერსიტეტის თანამშრომელი საიდ ნურჯუ. თავისი მოსაზრების სასარგებლოდ მან დაასახელა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყაზახეთის წევრობის ფაქტი. ჩინეთის სტრატეგიაერთი სარტყელიერთი გზამან სამართლიანად დაახასიათა, როგორც ჩინეთის დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართ და არა, როგორც საინტეგრაციო პროექტი.

ქ-მა ნუგმანოვამ აღნიშნა შეერთებულ შტატებში მომზადებული იმ გეგმის მიუღებლობა ყაზახეთისათვის, რომელიც შუა აზიის საინტეგრაციო და სათანამშრომლო პროექტებში ავღანეთის ჩართვას ითვალისწინებს. ავღანეთის პორდაპირი მონაწილეობა შუა აზიაში არასტაბილობას შემოიტანს – დაასკვნა მან.

ამ სტრიქონების ავტორმა ყურადღება გაამახვილა ყაზახეთის სამშვიდობო პოტენციალზე, ასევე აღნიშნა ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი დონე.

გარდა ამისა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოხსენებებით გამოვიდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, პოლიტიკის მეცნიერებების სფეროს სპეციალისტები – არსენი სივიცკი ბელორუსიიდან, ანდრეი შენინი რუსეთიდან და სხვები. ძალიან საინტერესო იყო ყაზახეთის პარლამენტის (მაჟილისის) წევრის ალბერტ რაუს შეფასებები ყაზახეთის განვითარების შესახებ. გაიმართა ღია, საქმიანი დისკუსია. მრგვალმა მაგიდამ წარმატებით ჩაიარა და ეს იყო ძალზე პოზიტიური დასრულება ყაზახეთის ბრწყინვალე დედაქალაქში ჩემი ვიზიტისა.

გულბაათ რცხილაძე