აქტუალური
ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა დემარში გამოაცხადეს - „ევროპეისკაია პრავდა“

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა დემარში გამოაცხადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ევროპეისკაია პრავდა ავრცელებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარემ ვლადიმერ არევმა თქვა, რომ ევროსაბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ევროსაბჭო იმ ხალხის ნდობას კარგავს, რომელსაც იცავს.

დებატების დასრულების შემდეგ დარბაზში წაიკითხეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასამბლეის არც ერთი მოთხოვნის შესრულების გარეშე რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა ევროსაბჭოს მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და არის არასწორი სიგნალი იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპაში დემოკრატიების დესტაბილიზაციას ახდენს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა. სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.