აქტუალური
მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს, რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ სერიოზული წარმატების ისტორიაც გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ბათუმთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მის ისტორიას გაუსვა ხაზი.

ჩემთვის დიდი პატივია ყველა ბათუმში მიგიღოთ, რომელიც ძველი დროიდან არის შემდგარი ქალაქი, რომელსაც საკუთარი ისტორია გააჩნია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. ეს არის ქალაქი, რომელიც ევროპის საუკეთესო არქიტექტორების მიერ არის აგებული.

მოგესალმებით ბათუმში, საქართველოში. აღნიშნული კონფერენცია აღნიშნავს 10 წლის იუბილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ რუკაზე დაიტანა საკუთარი თავი, სადაც ოფიციალური პირები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ გზას იხილავენ, არამედ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.

ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, რომ შექმნილიყო პარტნიორობა, ბიძგი მისცა მოდერნიზაციისა და 6 პარტნიორი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ სერიოზული წარმატების ისტორიაც გააჩნია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ წარმატებებს შორისაა საქართველოც, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა.

აღნიშნულ წარმატებებს შორის შეგვიძლია, საქართველოც ჩავთვალოთ, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს.

უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც ჭეშმარიტად სწამდათ ამ მიმართულებისა და საქართველოს ერთგული მეგობრების გარეშე, როგორიც არის პრეზიდენტი ტუსკი. მაღალ შეფასებას ვაძლევ ყველაფერ იმას, რაც გააკეთა საქართველოსთვის და ევროპისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.