პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთი და თურქეთი საქართველოში ჯარებს შემოიყვანენ, თუ ნატო ან აშშ აქ სამხედრო ბაზის გახსნას განიზრახავს (SPUTNIK)

     საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 („მტკიცე სული“), რომელიც საქართველოში 2011 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება, კვლავ ჩატარდება 2019 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე ერთდროულად სამ ლოკაციაზე: სენაკში, ვაზიანში და ორფოლოში. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო - აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ჩერნოგორია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და საქართველო.

     „ეს იქნება უფრო მასშტაბური სწავლება, ვიდრე წინანდელი - 2018 წლის სექტემბერში მასში მონაწილეობდა 9 ქვეყნის 1500 სამხედრო მოსამსახურე, ორჯერ მეტი იქნება სამხედრო ტექნიკაც, - განაცხადა SPUTNIK-თან ინტერვიუში პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, - თუმცა, ამჯერად მასში პირველად არ მიიღებენ მონაწილეობას სომხეთი და აზერბაიჯანი, რაც შემთხვევითი არ არის“.

     „მორიგი გეგმური სწავლება მორიგი კუპრით სავსე კოვზია რუსეთ-საქართველოს ისედაც გამწვავებულ ურთიერთობებში, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე SPUTNIK-თან ამა წლის 4 ივლისის ინტერვიუში, მოსკოვი არ მიიღებს არავითარ ზომებს, სანამ საქართველო „წითელ ხაზს“ არ გადაკვეთს. რა გაეწყობა, გავიმეორებ და სიტყვებს „ადექვატური ზომები“ უფრო კონკრეტული ფორმულირებით შევცვლი, მაშ ასე:

     თუ ბათუმის ან ფოთის საზღვაო პორტებში (პერსპექტივაში - ანაკლიაში) შესასვლელად ნატო-ს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი, მუდმივად ფუნქციონირებადი საზღვაო ქვედანაყოფებისთვის დიპლომატიური ნებართვების გამარტივებას მოჰყვება განზრახვა განათავსონ იქ ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზა (ან ალიანსის ლიდერის - აშშ-ის ბაზა), რუსეთი და თურქეთი დაუყოვნებლივ შემოიყვანენ ჯარებს საქართველოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ წყლებში. თურქეთი დაიკავებს აჭარას და კონტროლქვეშ მოაქცევს ბათუმის პორტს, რუსეთი შევა სამეგრელოში და კონტროლს დაამყარებს ფოთის პორტზე.

შესაბამისად, ტერიტორიული წყლებს გააკონტროლებენ თურქული და რუსული სამხედრო-საზღვაო ძალები, თურქეთი და რუსეთი, ბუნებრივია, გააუქმებენ ყარსის ხელშეკრულებას“, - განაცხადა, კერძოდ, ხიდირბეგიშვილმა.

24 ივლისი, 2019 წელი
საქართველო, თბილისი