აქტუალური
მქონდა რამდენიმე შეხვედრა „ანაკლიის კონსორციუმთან“, მაგრამ ვერ მივიღე პასუხები კითხვებზე, რაც პროექტის კომერციულ დასაბუთებასთან დაკავშირებით მქონდა - გიორგი ქობულია

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მქონდა რამდენიმე შეხვედრა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, მაგრამ ვერ მივიღე პასუხები კითხვებზე, რაც პროექტის კომერციულ დასაბუთებასთან დაკავშირებით მქონდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

რაკი პასუხი ვერ მივიღე ვერც კონსორციუმისგან, ვერ საპარტნიორო ფონდისგან, ვერც მთავრობისგან, როცა სამინისტროში ვიყავი, სპეციალური პროექტი დავიწყე, რომელიც სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის მიერ სრულდებოდა. ეს ჯგუფი ახლაც არსებობს, პირდაპირ ექვემდებარება მინისტრს და მას ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. სტრატეგიული ანალიზის ჯგუფმა, სპეციალური პროექტის ფარგლებში, ყველა დოკუმენტი გაანალიზა, რომელზეც წვდომა გვქონდა, რათა პროექტის კომერციული დასაბუთება მოეძია. მათ შორის იყო დოკუმენტები, რომელიც შექმნილია კონსორციუმის მიერ, მთავრობის მიერ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს დასაბუთება ჩვენ ვერც ერთ დოკუმენტში ვერ ვნახეთ. ის, რასაცანაკლიის განვითარების კონსორციუმიაცხადებს, რომ მათ აქვთ ტვირთბრუნვების პროგნოზი, ეს არის დეკლარირებული ციფრი, რომლის ქვეშ არანაირი ანალიტიკა გაკეთებული არ არის. მე შემიძლია განვაცხადო, რომ მექნება ამდენი მილიონი კონტეინერი და რა თქმა უნდა, თუ პორტში ამდენი მილიონი კონტეინერი მექნება, პორტის კომერციული დასაბუთება პოზიტიური იქნება, მაგრამ ანალიტიკური დასაბუთება, რასაც მე ვითხოვდი, არის ის, თუ საიდან მოვა ეს ტვირთი და რატომ მოვა ეს ტვირთი ანაკლიის პორტში. ეს დასაბუთება მათ ვერ წარადგინეს! თუ მათ ეს დასაბუთება აქვთ, მოიტანონ და გამოაქვეყნონ!“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს.

განცხადების თანახმად, გიორგი ქობულია პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე, ქობულიას არც ერთხელ არ მოუთხოვია კონსორციუმთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა.