სამართალი
მწუხარებას იწვევს, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან - რუსეთის საგარეო უწყება

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.

დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთს ახსოვს 11 წლის წინ, 7-დან 8 აგვისტოს ღამით მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები უხეშად დაარღვია და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია დაიწყო“.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოპერაციის დროს ქართული ძალები სამხედრო ობიექტებსა და საცხოვრებელ დასახლებებს ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქართულმა ძალებმა ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც 48 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 162 კი დაშავდა“.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალის მიმართ აგრესია აბსოლუტურად არაპროპორციული იყო. რუსეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, „ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა კავკასიაში კონფლიქტების მიზეზებთან დაკავშირებით წარმოებული საერთაშორისო კომისიის გამოძიების ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა. მას შვეიცარიის წარმომადგენელი, ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და 2009 წელს გამოქვეყნდა“.

რუსეთის დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და აფხაზეთის მიმართ ანალოგიური ქმედებების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია გახდა, აფხაზებსა და ოსებს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ საკუთარი უსაფრთხოება და თვითგამორკვევის გზით არსებობის უფლება უზრუნველეყოთ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“.

რუსეთის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, ამ დროს კი, მოსკოვმა სხვადასხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა.

ამასთან ერთად, დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, რადგან ორივე რესპუბლიკა სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს ფლობს. მათ შორის არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სისტემები, რომლებიც ეფექტიანად მუშაობს“.

რუსეთის ფედერაცია აქტიურად ურთიერთქმედებს ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან და უწევს მათ მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას. მათ შორის, საინვესტიციო პროგრამების საშუალებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკა არის გამჭვირვალე და მიმართულია პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებაზე, ნდობასა და ურთიერთგაგებაზე.

მწუხარებას იწვევს, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში ვერ შეძლეს 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილის მიღება. წარსული ტვირთის დაძლევასა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის ურთიერთქმედებაზე მიმართული ძალისხმევის ნაცვლად, ოფიციალური თბილისი და მისი აქტიურად მხარდამჭერი დასავლური დედაქალაქები აგრძელებენ ანტირუსული ისტერიის ესკალაციას, დაკავებული არიან რეგიონის შეიარაღებითა და ნატო-ში საქართველოს ჩართვით. ეს ყველაფერი გზაა ჩიხისკენ, რომელიც ვერანაირად ვერ დააახლოებს რეგიონს მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და უსაფრთხოებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, თავის მხრივ, „რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის აღდგენისა და სრულფასოვანი მოლაპარაკების პროცესისკენ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა გახდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აღიარონ ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობა“, – ნათქვამია განცხადებაში.