პოლიტიკა
როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ - ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა - გია ვოლსკი

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა დაკავშირებული მის მიერ იმუნიტეტის მოპოვების მცდელობასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ იმუნიტეტისთვის მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება. მისივე თქმით, საზოგადოების მოთხოვნები პოლიტიკური პარტიების მიმართ გაზრდილია, ამიტომ ყველამ სათანადოდ უნდა შეაფასოს საკუთარი ძალები.

იმუნიტეტისთვის ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა, მაგრამ ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება გაცილებით უფრო გაზრდილია თავის მოთხოვნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ, პოლიტიკის მიმართ საგარეო თუ საშინაო საკითხებზე და პოლიტიკურმა პარტიებმა ან მათი შექმნის მსურველებმა, ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები,"-განაცხადა ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სექტემბერში სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.