საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში 10 სამხედრო ბაზას შექმნის.
სამხედრო ბაზების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილები გაიგზავნებიან, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
აშშ-ის და თურქეთის შეთანხმების თანახმად, სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით, საკოორდინაციო ცენტრი თურქეთის პროვინცია შანლიურფაში იფუნქციონირებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, აშშ-მა იცის, რომ ანკარა მის საზღვრებთან რაიმე სახის ფორმაციის შექმნას არ დაუშვებს. თურქეთს სურს, რომ უსაფრთხოების ზონა სირიის ტერიტორიის სიღრმეში 30-40 კილომეტრზე შეიქმნას.
ვაშინგტონს და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, დაკვირვების მიზნით, სირიის ჩრდილოეთში ფრენა უკვე დაიწყეს.
1tv.ge