საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიის საშიშროება არ არსებობს და რომ ის ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მზად არაა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
“ძალიან კარგად ვართ, ჩვენი მომხმარებელი მდიდარია, მე გადასახადები მნიშვნელოვნად შევამცირე და ისინი ფულით არიან სავსე,“ - განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი მზადაა შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ თავად ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არის.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ თეთრ სახლს ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების „ჰუმანური გზით გადაჭრის“ ხილვა სურს.
„ვფიქრობ, ეს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ძალიან კარგი იქნება,“ - დასძინა მან.
ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა გასულ კვირას აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ქვეყნის სამივე ძირითადი ინდექსის დაახლოებით 3 პროცენტამდე შემცირება, რამაც რეცესიის შიში გამოიწვია.
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და სხვა 19-მა ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილეს, რაც Fitch Ratings-მა შეაფასა, როგორც ყველაზე დიდი ცვლილება 2009 წლის რეცესიის შემდეგ.
interpressnews.ge