უცხოეთი
დონალდ ტუსკი - თუ აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი ამას შესაბამისად უპასუხებს

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი აცხადებს, რომ თუკი აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი ამ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

„ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვსურს, ჩვენს საუკეთესო მოკავშირესთან - აშშ-სთან- დაპირისპირებაა. ეს სავაჭრო და ტარიფების ბრძოლა ჩვენი ინიციატივა არაა, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მზად ვართ კიდეც“, - განაცხადა ტუსკმა ბიარიციში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტზე გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს გადასახადებს არ მოუხსნის, ის საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე სადამსჯელო ტარიფებს დააწესებს.

interpressnews.ge