პოლიტიკა
თბილისმა პროვოკაციული აქციები და კამპანია დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით განახორციელა - რუსეთის საგარეო უწყება

საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი სერიოზულად არის შეშფოთებული „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან დაძაბულობის ესკალაციით“. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის „პროვოცირებული იყო საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მშენებლობით სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან“.

ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი.

ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელთაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. ეს არ უწყობდა ხელს საზღვართან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას და პირიქით, ძაბავდა ვითარებას რეგიონში, რამაც არსებულ სიტუაციამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისკენ, რომ გაგრძელდეს სადავო საკითხების განხილვა კონსტრუქციული დიალოგით ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.