სამართალი
20 ივნისი ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. 20 ივნისის ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე.

ამასთან, მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ ყოველთვის ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, რის გამოც წელგამართული ივლის.

ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს. მე ვივლი წელგამართული, თავაწეული, რადგანაც, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას.

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს. ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ყველამ ნახა, როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე.

პოლიცია, ეს პასიური კორდონი, ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. რაც შეეხება ჩემი პრემიერობის პერიოდს, ყველაზე ნაკლები, რასაც ვისურვებდი – ვინმეს ჰქონდეს ეიფორია, რომ მამუკა ბახტაძემ ყველაფერი შეძლო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.