პოლიტიკა
გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისა და მობილიზაციის კუთხით.

თუმცა იცით თქვენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ჰქონდა ადგილი. თუნდაც გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა და საჭიროა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მხრივ გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

„ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი დღეს არსებულ ფორმატებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი მოთამაშის, აქტორის თანდასწრებით. ეს გახლავთ ევროკავშირი, ეს გახლავთ ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც არის დაშენებული ჟენევის მოლაპარაკებები ეს არის ძალის არგამოყენების ვალდებულება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

2008 წლიდან მოყოლებული, სამი მიმართულებით, ინტენსიურად ვმუშაობთ. იცით, რომ ურთულესი პროცესია, შესაძლოა, არ იყოს დიდი გარღვევები, მაგრამ ეს არის ერთადერთი დღეს არსებული საერთაშორისო ფორმატი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს ის შედეგები, რაც გვაქვს და ეს ბევრი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, მაგრამ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის მოსმენა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მიმდინარეობდა. მოსმენას „ევროპული საქართველოსა“ და„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.