აქტუალური
საქართველო კიდევ ერთ ბლოკპოსტს აშენებს, რომელიც მის ტერიტორიაზეა, მაგრამ ჩვენს საზღვართან - „სამხრეთ ოსეთის“ „პარლამენტის“ სპიკერი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო კიდევ ერთ ბლოკპოსტს აშენებს, რომელიც მის ტერიტორიაზეა, მაგრამ უშუალოდ სამხრეთ ოსეთის საზღვართან, - განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პარლამენტის“ სპიკერმა ალან თადთაევმა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ჩვენ ზუსტად განვსაზღვრეთ - როგორც რუკებით ასევე GPS-ით, რომ პოსტი, რომელსაც საქართველოს მხარე აშენებს, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ადგილზე საქართველოს მხარემ რესპუბლიკის საზღვარი არ დაარღვია. ჩვენი მესაზღვრეები ჩვენს საზღვართან დგანან და იცავენ ხეობას“, - განაცხადა თადთაევმა.

4 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა „რიას“ განუცხადა, რომ სოფელ სინაგურთან თბილისმა უკვე მოამზადა ბეტონის საძირკველი პოლიციის პოსტისთვის. ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატების ჯგუფი თადთაევის ხელმძღვანელობით.