პოლიტიკა
ნებისმიერ ორგანიზაციაში საქართველოს მიღება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს - გია ვოლსკი

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღვწის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, შეიძლება ამის მიღება და პროცესის დაწყება. ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა სადაოა.

არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება დამატებითი კომენტარები და განმარტებები. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგეს. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ“, – დასძინა ვოლსკიმ.