პუბლიკაციები
ნატალია ორლოვსკაია: „კარგი იქნებოდა რუსეთთან ძველი, მათ შორის – სამეცნიერო კავშირების, აღდგენა! ვფიქრობ, ოდესმე ეს რეალობად იქცევა...“

nataliaaaაქ ბინის ყოფილი პატრონების ინდივიდუალური და განუმეორებელი სულია შემონახული. უნიკალური აურა და სიმყუდროვე, კომფორტის შეგრძნება და დღეს ასე იშვიათი სიმშვიდე... თბილისის ძველ რაიონში, „იტალიურ ეზოში“ მდებარე ბინა არცთუ მცირე ხნისაა. მისი ამჟამინდელი მფლობელი სათუთად ინახავს ოჯახურ რელიკვიებს – ყველა კარადა, კომოდი, მაგიდა და სანათური ბინას თითქოს შორეული წარსულის ხმებით ავსებს. კითხვაზე – ამდენი წლის განმავლობაში ნუთუ არ გაგჩენიათ სურვილი, რაიმე შეგეცვალათ ინტერიერში? პროფესორი ნატალია ორლოვსკაია უყოყმანოდ პასუხობს: არასოდეს! შემდეგ კი ფიქრიანად აღიარებს: „ერთადერთი, რაც გავბედე, დიდი ბაბუის – კონსტანტინე ორლოვსკის მასიური საწერი მაგიდისთვის ადგილის შეცვლა იყო... მამაჩემის დროს ის სხვა ოთახში იდგა. მხოლოდ ეს შევძელი. რა გაეწყობა, მიყვარს ძველი დრო

ნატალია კონსტანტინეს ასული ორლოვსკაია ასაკს არ მალავს. არც სჭირდება. 90 წლის ასაკში იგი უწინდებურად მხნედ გამოიყურება და აქტიურად (!) მუშაობას განაგრძობს. მესამე მონოგრაფიას წერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის (1945 წლიდან!). ქალბატონი ორლოვსკაია მარტო ცხოვრობს, თუმცა, განა „იტალიურ ეზოში“ იზოლირება შესაძლებელია?! იგრძნობა, როგორ უყვართ და აფასებენ აქ ჩვენს გმირს.

საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას მასთან დროდადრო მეზობლები შემოდიან, დაუკაკუნებლად, უბრალოდ! შემორბიან პატარებიც – საყვარელ მეზობელს – დეიდა ნატაშას რომ აკოცონ და ანგარიში ჩააბარონ: „ჩემი მოსწავლეები არიან. მარტო რუსულ ენას კი არა, ბევრ სხვა რამესაც ვასწავლი!“ – იღიმის ნატალია კონსტანტინეს ასული.

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მდებარე ბინას, მისი დიასახლისივით, „ასაკი“ არ ეტყობა – ნათელი, მოვლილი, სუფთა და თბილია: თურმე, როცა მეზობლებს თავიანთ ბინებში ცენტრალური გათბობა გაჰყავდათ, არც ორლოვსკაია დავიწყებიათ. მადლობა ღმერთს, თბილისის სულისკვეთება ისევ შენარჩუნებულია!

– ნატალია კონსტანტინოვნა, თქვენთან სტუმრობისას ხვდები, რომ გენეალოგია უნდა გამოიკითხო.

– ჩემში იმდენად ბევრი სისხლია აღრეული – რუსული, ქართული, სომხური... მამის მხრიდან ჩემთვის ნაცნობი პირველი წინაპარი ჩეხი იყო – ივანე ანტონის ძე პრიბილი. რუსეთში სამხედრო ექიმად მსახურობდა, შემდეგ კი, პირველ პოლკთან ერთად, საქართველოში მოავლინეს. თბილისში 1808 წელს ჩამოვიდა და საბოლოოდ აქ დარჩა – თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთ დამაარსებლადაც იქცა. პრიბილი „ქართული მედიცინის ისტორიის“ წიგნშიცაა შესული. ივანე ანტონის ძე ფართო პროფილის ექიმი იყო, ისევე, როგორც ბევრი სხვა იმ წლებში. აქ მან ცოლად ქართველი კარაევა შეირთო, რომელიც წარმოშობით ცნობილი ქართველი ექიმების ოჯახიდან იყო. მათი უფროსი ქალიშვილი კი პოლონელ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვზე დაქორწინდა. ჩემი დიდი ბაბუაც აქ სამუშაოდ ჩამოვიდა პოლონეთიდან. ეტყობა, კარგად მუშაობდა, რადგან თბილისის გუბერნატორობამდეც მიაღწია. 1876 წელს დიდი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ვალერიან კონსტანტინეს ძე, სანკტ-პეტერბურგის ერთობ პრესტიჟულ უმაღლეს იურიდიულ სასწავლო დაწესებულებაში – სამართალმცოდნეობის სასწავლებელში სწავლობდა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და აქ სიცოცხლის ბოლომდე სპეციალობით იმუშავა. ბოლო წლებში მთელ კავკასიაში უმაღლესი სასამართლო ორგანოს – სასამართლო პალატის წევრადაც აირჩიეს. ვალერიან კონსტანტინეს ძე ღირსეულ ოჯახიშვილზე, ანა მიხეილის ასულ ალიხანოვაზე იყო დაქორწინებული. საგულისხმო ფაქტია – ალიხანოვას ძმა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის, შემდეგომში კი სახელმწიფო კონსერვატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ანა მიხეილის ასულისა და ვალერიან კონსტანტინეს ძის ვაჟი – მამაჩემი – კონსტანტინე – პეტერბურგში სწავლობდა, სარკინიგზო მიმოსვლის ინსტიტუტი დაამთავრა და მთელი ცხოვრება თბილისში, ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სამმართველოში ინჟინრად მუშაობდა.

– დედათქვენი რუსი იყო?

– დედაჩემი, ტატიანა კონსტანტინეს ასული ნადეჟინა – ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა... დიახ, რუსია, მისი ოჯახი ძალიან დიდი ხნის წინათ დასახლდა კავკასიაში. მამამისი, ბაბუაჩემი კონსტანტინე ვასილის ძე, წარმოშობით იაროსლავის გუბერნიიდან იყო. მოსკოვში სწავლობდა, სამხედრო სასწავლებელში. ახალგაზრდა ოფიცერი თურქეთის 1877-1878 წლების ომში გაამწესეს. ფრონტზე დაჭრილი თბილისში მკურნალობდა და საბოლოოდ აქ დარჩა. როგორც ხედავთ, თბილისის დატოვება ვერც ერთმა ჩემმა წინაპარმა ვერ შეძლო! შემდგომში ბაბუა ყარსის ოლქში მსახურობდა, რომელიც ომის დასასრულს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. გენერლის ჩინს მიაღწია. 1914 წლის ომში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. მისი მეუღლის – ანა ალექსანდროვას ოჯახი კი უფრო ადრე დამკვიდრდა კავკასიაში. ბებიამისი – ქალბატონი პოდტიაგინა, წარმოშობით მოსკოვიდან გახლდათ. 1812 წელს, როცა ნაპოლეონის არმია მოსკოვში შედიოდა, სხვა მოსკოველების მსგავსად, მან თავის ნათესავებთან ერთად დედაქალაქი დატოვა... ოჯახში ღიმილით იხსენებდნენ, რომ ფრანგი მონარქის გამო უმზითვოდ დარჩა. საქმე ისაა, რომ ნაჩქარევად გაქცევისას მზითვიანი ზანდუკი სადღაც სარდაფში დამარხეს! შემდეგ, გარკვეულ ხანს, ვორონეჟში ცხოვრობდნენ. მოსკოვში დაბრუნების საშუალება არ ჰქონდათ, რადგან მათი სახლი ცნობილი ხანძრისას დაიწვა. ვორონეჟში ანა ალექსანდროვას ბებია გათხოვდა და მეუღლესთან – ბუინოვთან ერთად თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ და დარჩნენ... მათი ქალიშვილი ნატალია თევდორეს ასული აქ ოფიცერ ტრონოვზე დაქორწინდა. ტრონოვების ქალიშვილი გახლავთ სწორედ ბებიაჩემი დედის მხრიდან, რომელიც შემდგომში ნადეჟინს გაჰყვა ცოლად.

– ერთადერთი ქალიშვილი ხართ?

– ძმა მყავდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვილი გარდაიცვალა. დიდი სიყვარულით გარემოცული ვიზრდებოდი, მანებივრებდნენ და თავს მევლებოდნენ! სამი წლიდან ვცხოვრობ ამ ბინაში, რომლის კედლებმაც ჩემი დედ-მამის ხმა შემოინახეს. ეს სახლი მთელი ჩემი ცხოვრებაა.

– ჩინებული განათლება მიგიღიათ!

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. ასპირანტურაშიც იქვე ვსწავლობდი. 1946 წელს საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი უილიამ თეკერეის შემოქმედებაზე. საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით მოვამზადე. დიდი მეცნიერი ჩემს უფროს მეგობრად იქცა, ისევე, როგორც მთელი მისი ოჯახი. მოგვიანებით შალვას ქალიშვილმა თამარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი დაამთავრა და მამამისის თხოვნით, სწორედ მე გახლდით თამარ ნუცუბიძის ხელმძღვანელი. დღემდე მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ. სადოქტორო უკვე 1966 წელს დავიცავი თემაზე: „საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში“. სხვათაშორის, დისერტაცია ერთი წლით ადრე წიგნად გამოიცა. მისი პირველი ნაწილი საქართველოს შესახებ მასალებს ეძღვნება, რომლებიც ევროპული ქვეყნების ლიტერატურაში მოვიძიე; მეორე ნახევარი კი ეხებოდა საკითხს, თუ რა ცნობები მოიპოვებოდა XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში ქართული ენის შესახებ.

– გვიცნობდნენ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ურიგოდ! მაგალითად, მე-17 საუკუნეში იტალიაში გამოიცა ქართული ანბანი, ლექსიკონი და გრამატიკა. ეს ნაშრომები კარგადაა ცნობილი. ჩემს წიგნში განხილულია იმ დროის მეცნიერთა დღემდე უცნობი მასალები, ასევე, კათოლიკე მისიონერთა ნაშრომები, რომლებმაც საქართველოში ყოფნისას ქართული ენის შესასწავლად დამხმარე სახელმძღვანელო შეადგინეს. სულ 200 სამეცნიერო ნაშრომი მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული. ჩემი მეორე მონოგრაფია 1986 წელს გამოიცა, სახელწოდებით „დასავლეთთან საქართველოს ლიტერატურული კავშირების საკითხები“. ახლა ახალი მონოგრაფიისთვის მასალებს ვაწესრიგებ, ისიც ლიტერატურული ურთიერთკავშირების საკითხებს ეხება. როგორც უკვე მოგახსენეთ, 1945 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი! რასაკვირველია, შტატში აღარ ვარ, საკონტრაქტო საფუძველზე ვმუშაობ. XVIII-XIX საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორიას ვკითხულობ ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ადრე რუსულ სექტორში საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კურსს ვასწავლიდი. ახლა ეს საგანი „რატომღაც“ პროგრამიდან ამოიღეს... მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ვარ, წოდება ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში მივიღე, ბოლო წლებში კი ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს.

– თქვენს ბინაში საპატიო ადგილი უკავია პიანინოს. უკრავთ თუ ეს წარსული მოდისთვის ხარკის გადახდაა?

– მეცნიერების შემდეგ ჩემი მეორე სიყვარული მუსიკაა. კონსერვატორია დავამთავრე, ფორტეპიანოს კლასი. დღემდე თითქმის ყოველდღე ვუკრავ, განწყობილების მიხედვით.

– ალბათ გასული დროის ბევრ საინტერესო პიროვნებასთან ურთიერთობდით...

– ყოველთვის საკმაოდ კარჩაკეტილად ვცხოვრობდი, ბევრს ვმუშაობდი, დედას ვუვლიდი, რომელიც ხანგრძლივად ავადმყოფობდა. საზოგადო მოღვაწეს ვერ მიწოდებ. მთელი ჩემი ცხოვრება მშვენიერი ურთიერთობები მქონდა კოლეგებთან, მეზობლებთან, გარშემომყოფ ხალხთან. ჩემი მეგობრების წრე მუდამ მრავალეროვნული იყო – რუსები, ქართველები, სომხები... ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ელენე პავლეს ასული მეტრეველი გახლდათ. ერთ აივანზე გავიზარდეთ. ელენე ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალისტი, აკადემიკოსი იყო. დიდხანს ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. სამწუხაროდ, დღეს ჩემ გვერდით აღარ არის...

ნაციონალიზმის არანაირ გამოვლინებას ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა. პირადად ჩემ მიმართ, გამსახურდიას დროსაც კი, არანაირი მიკერძოებულობა არ მიგრძვნია. საქართველოში მუდამ თავისიანად მთვლიდნენ და, ყოველგვარი ცრუ მოკრძალების გარეშე ვიტყვი, პატივსაც მცემდნენ... კავშირი მქონდა რუსეთის სამეცნიერო ცენტრებთან, ვმონაწილეობდი მოსკოვის, ლენინგრადის, ოდესის, კიევის, მინსკის კონფერენციებში. სამწუხაროდ, ეს კავშირები დღეს გაწყდა... ასე რომ, ამჟამად სამეცნიერო კავშირები, ძირითადად, ქუთაისის უნივერსიტეტთან მაქვს.

რასაკვირველია, ძალიან მინდა რუსეთთან უწინდელი, მათ შორის, სამეცნიერო კავშირების აღდგენა! ვფიქრობ, ოდესმე ეს რეალობადაც იქცევა...

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი