აქტუალური
ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის 8 მილიონ 440 ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

შესაბამისი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კალაუს ვიგელმა მოაწერეს ხელი.

ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.

ეს დახმარება მოიცავს ქვეყნის მხარდაჭერას ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში, არის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მიგვაჩნია, რომ ეს დახმარება იქნება ძალიან პროდუქტიული იმ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რაც რეფორმების კუთხით გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დავით თვალაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა (GESR)“ გულისხმობს 2018-2021 წლებში ენერგეტიკის სექტორში ფუნდამენტალური რეფორმების ჩატარებას კონკრეტულად განსაზღვრული პოლიტიკის გატარებით, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებას სტრატეგიული ხედვის, ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და ფინანსური მექანიზმების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, ბანკთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის – (GESR)” ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მშენებლობისა და არსებული შენობების რეაბილიტაციის წარმოებას ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით.

ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.