პოლიტიკა
არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შეფასება სთხოვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა – ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში.

ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ – ეს იქნება ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან ან გენერალური მდივნიდან – ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

წყარო 1tv.ge