აქტუალური
ხელისუფლება ვალდებულია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გასცეს - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით ბაქრაძეს კითხვები აქვს, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა და რამდენად შეესააბამებოდა ის საქართველოს დეკლარირებულ პოლიტიკურ ამოცანებს.

ამასთან, დავით ბაქრაძის შეფასებით, შესაბამის ფორმატსა და კონტექსტში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არის.

რა თქმა უნდა, შესაბამის კონტექსტში და ფორმატში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან. მით უმეტეს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ვხედავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას, არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს „ევროპული საქართველო“. ბუნებრივია ეს აჩენს კითხვის ნიშნებს იმის თაობაზე, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარირებულ პოლიტიკურ ამოცანებს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი საზოგადოებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხად მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ უნდობლობას საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ოკუპანტთანაც საჭიროა დიალოგის წარმოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ არა დაფარულად.

ვიმეორებ, რუსეთთან სწორ კონტექსტში და ფორმატში დიალოგი პრობლემა არ არის, მათ შორის ოკუპანტთანაც უნდა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს დაფარულად, როდესაც ამის შესახებ ვიგებთ რუსული მხრიდან და, როდესაც ამას წინ უძღვის კონტექსტი, როცა ხელისუფლება წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების. ეს ყველაფერი აჩენს სწორედ კითხვებს და დაველოდოთ ამ კითხვებზე პასუხებს. თუ გასცემს საზოგადოებას ხელისუფლება ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს, მით უკეთესი მათთვის, თუ არა, საზოგადოების რეაქცია და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ძალის რეაქცია იქნება შესაბამისი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნული კომენტარი ბაქრაძემ ენგურის ხიდთან გააკეთა, სადაც 27 სექტემბერს „ევროპული საქართველოს“ წევრები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. დავით ბაქრაძემ, პარლამენტის წევრებმა ლაშა დამენიამ, ლელა ქებურიამ, თენგიზ გუნავამ და პარტიის ადგილობრივმა მხარდამჭერებმა ენგურის ხიდზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს სოხუმის დაცემის დღე და პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.