სამართალი
არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა.

შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა.

შეწყალებაზე არაერთხელ ვთქვი ყველაფერი, რაც იყო სათქმელი. გადაწყვეტილება მივიღე ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს, შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცნებების არევა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით – შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ამიტომ, ეს არის ის სიტუაცია, რაშიც ვიმყოფებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინიციატივით გამოვედი, დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორე მხრივ, რადგანაც იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს.

მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით.

დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.